“800-მდე ტრავმირებული ცხოველი შემოვიდა ერთ წელიწადში” – ვახტანგ ლომჯარია

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროს ვახტანგ ლომჯარიას განცხადებით, ერთი წლის განმავლობაში სააგენტოში 800-მდე ტრავმირებული ცხოველი შევიდა. არის შემთხვევები, როდესაც ცხოველი ცხელი წყლით არის დამწვარი, ან კიდურის მოტეხილობა აქვს. ასეთ დროს, ძნელია იმის დადგენა არის თუ არა ის ადამიანის მიერ გამოვლენილი სისასტიკის მსხვერპლი.

როგორც ვახტანგ ლომჯარიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოში ჯერ კიდევ სერიოზული პრობლემაა ცხოველების მიმართ ადამიანების სასტიკი მოპყრობა. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის შეტანა და ამ თვალსაზრისით მოზარდების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა.

„ 800 – მდე ტრავმირებული ცხოველი შემოვიდა სააგენტოში წლის განმავლობაში, თუმცა რთულია დავადგინოთ და განვსაზღვროთ რამდენი იყო აქედან წამების ან სისასტიკის მსხვერპლი. შეიძლება ზოგ შემთხვევაში ეს იყოს შემთხვევითობა, ცხოველის გარკვეული ქმედებიდან გამომდინარე, ან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგი. ჩვენი ვარაუდით გარკვეული ნაწილი, გამოწვეულია ადამიანის მიერ სისასტიკით,“- განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ.

მისივე თქმით, თბილისში, ჯერჯერობით არ ყოფილა არც ერთი პრეცედენტი, რომ ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო ვინმე დასჯილიყო, თუმცა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ბევრი ადამიანი დააჯარიმა ცხოველთა მოვლა-პატრონობის წესების დარღვევის გამო.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენმა მაშველებმა ქალაქის სკვერებსა და პარკებში იმოძრაონ და ცხოველების პატრონებს მიაწოდონ ინფორმაცია, თუ როგორ მოექცნენ ცხოველს“, – განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ.

მსგავსი თემები