“ქართულ მიწას ვერ გაყიდით!  მშვიდობიანი აჯანყება იწყება” – საპროტესტო აქცია იუსტიციის სახლთან  

სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე​ გაყიდვის დაკანონებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები, რიგით მოქალაქეებთან ერთად დღეს, დილიდან მართავენ საპროტესტო აქცია  იუსტიციის სახლთან.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მოძრაობა “ქართული მარშის” წარმომადგენელმა კონსტანტინე მორგოშიამ განაცხადა, აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლის ორივე შესასვლელის პარალიზება მოახდინეს. აქციის წარმომადგენლები ამჟამად იმყოფებიან იუსტიციის სახლში მოლაპარაკებებზე.

მისივე თქმით, სასოფლო – სამეურნეო მიწის ფართობების რეგისტრაციის მოთხოვნით იუსტიციის სახლში უკვე  2560 განაცხადია შესული. საუბარია ექვსდღიან ვადაზე, რადგან 16 დეკემბრიდან, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, სადაც წერია, რომ ქართული მიწის უცხოელებზე გაყიდვა აკრძალულია.

“ჩვენი ორი წარმომადგენელი შევიდა იუსტიციის სახლში მოლაპარაკებაზე, უნდა შეიმუშაონ ჩვენთან ერთად გეგმა, რომ ამ ჩიხიდან გამოვიდეთ. 16 დეკემბერს, ის კონსტიტუცია შედის ძალაში, რისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით, რომ სასოფლო- სამეურნეო მიწის ფართობები უცხოელებზე არ გაყიდულიყო. თითქმის 2560 განაცხადია უკვე შესული რეგისტრაციის მოთხოვნით. ჩასაფრებულები არიან. მოვუწოდებ ქართველ ხალხს, დავიცვათ ის, რისთვისაც ვიბრძოლეთ და ეს შედეგი დავდეთ”, – აცხადებს კონსტანტინე მორგოშია.

აღნიშნულთან დაკავშირებით “ქართული მარში” საგანგებო განცხადებას ავრცელებს და აცხადებენ, რომ  “ქართული ოცნების” ხელისუფლება კვლავ განაგრძობს ანტიქართულ საქმიანობას, კვლავ სოროსის და სოროსელების გავლენის ქვეშ იმყოფება.

“ქართული მარშის” ლიდერები სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიას თანამდებობიდან მოხსნას მოითხოვენ, რომლის სარჩელის საფუძველზეც მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება.

“სამწუხაროა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ არჩევნებში განცდილი ფიასკოს შემდეგ ვერაფერი ისწავლა,ხმების სამათხოვროდ მუხლებზე დაჩოქილმა ქართულმა ოცნებამ გაინაღდა რა გამარჯვება, კვლავ გააგრძელა ანტიქართული საქმიანობა. ხელისუფლება კვლავ სოროსის და სოროსელების გავლენის ქვეშაა და მათთან ერთად ჩადის მოღალატეობრივ აქტებს. ყოველივეს კულმინაცია გახლავთ საკონსტიტუციო სასამართლოს მოღალატეობრივი გადაწყვეტილება, რომ ქართული მიწის გაყიდვის აკრძალვა მოიხსნას. კიდევ კარგი რომ “ქართული მარშის” ინიციატივით და უკომპრომისო ბრძოლის შედეგად ახალ კონსტიტუციაშია ჩაწერილი, რომ ქართული მიწის უცხოელებზე გაყიდვა აკრძალულია, თუმცა მოღალატეებს 6 დღე აქვთ, რომ ქართული მიწა გაყიდონ.

ამ 6 დღის განმავლობაში ყველა მეთოდით დავიცავთ ჩვენი მამა-პაპის სისხლით შენარჩუნებულ მამულს გაყიდვისგან, მაგრამ მოღალატეობრივი აქტი მოღალატეობრივ აქტად რჩება, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გადააყენოს მოღალატე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომლის სარჩელსაც მოჰყვა სასამართლოს ეს გაუგონარი გადაწყვეტილება.

აღარ ვაპირებთ ვუყუროთ ურეიტინგო ხელისუფლების კოჰაბიტირებულ პოლიტიკას სოროსელებთან და ნაცებთან, დადგა მოქმედებების დრო და აუცილებელია მძლავრი აქციების დაწყება ხელისუფლების ანტიეროვნული პოლიტიკის შესაჩერებლად. შეიქმნება ეროვნული პოლიტიკური ცენტრი, რომელიც ხელისუფლებას აიძულებს შეწყვიტოს სოროსის დაკრულზე ცეკვა და დაანიშნინებს დემოკრატიულ-ვადამდელ არჩევნებს. სახელმწიფო კანცელარიასთან მალე კარვების ქალაქი გაჩნდება და იქიდან მივა ხალხის ხმა და მოთხოვნები ხელისუფლებამდე.

ვაფრთხილებ ხელისუფლებას, პარიზი მონაგონი იქნება, ქართველი ერის ნება გადათელავს ყველა მოღალატეს. ქართულ მიწას ვერ გაყიდით-მშვიდობიანი აჯანყება იწყება”, – ნათქვამია “ქართული მარშის” განცხადებაში.

მსგავსი თემები