“ქართული მარში” პოლიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბებას და არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს 

საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე მორგოშია აცხადებს, რომ “მარში” შესაძლოა პოლიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდეს და საპარლამენტო არჩევნებში სხვა პოლიტიკურ გაერთიანებებთან ერთად, ბლოკის სახით მიიღოს მონაწილეობა.

​როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე კონსტანტინე მორგოშიამ დღეს განაცხადა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებთან.

“არჩევნების პირველმა და მეორე ტურმა გვანახა, რომ “ქართულ ოცნებასაც” და “ნაციონალურ მოძრაობასაც” ​დაკარგული აქვთ ამომრჩეველთა უმრავლესობის ნდობა. მათი რეიტინგი არის მთლიანი მოსახლეობის 36-37%. ასეთი უმრავლესობა მართავს ქვეყანას დღეს, საკონსტიტუციო უმრავლესობით, რაც თავისთავად დიდი პრობლემაა. არც ერთი ეს პოლიტიკური ძალა არ გამოხატავს ხალხის ნებას და იმ სულისკვეთებას, რაც მოსახლეობაში არსებობს. ზუსტად ის ცენტრი, რომელსაც საზოგადოება ელოდება, შეიქმნება ამ გაერთიანების ირგვლივ”, – აცხადებს კონსტანტინე მორგოშია.

​მისივე თქმით, ამ ცენტრში არ მოიაზრება პარტია “ნაციონალური მოძრაობა”, მიუხედავად იმისა, რომ მათი მოთხოვნები “ქართული მარშის” მოთხოვნებს ემთხვევა.

“ერთნაირი მოთხოვნები გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, იმას, რომ ან ჩვენ ვიზიარებთ მათ იდეოლოგიას, ან ისინი ჩვენსას. დღეს, მოსახლეობას აქვს შეგრძნება, რომ მთავრობა, ყველა თავისი ნაბიჯით და ქმედებით ვერ ფლობს სიტუაციას ქვეყანაში. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ თუ მათ სურთ დემოკრატია, მათ უნდა ჩაატარონ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და იქ გამოჩნდება რეალურად ვის უჭერს ქართველი ხალხი მხარს. პირველ ტურში ქვეყნის ამომრჩეველის 54% არ გამოცხადდა არჩევნებზე და ორი აზრი არ არსებობს, რომ მათ შორის არავინ არ იყო “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი. ვერც “ოცნებამ” მოახდინა ამ ხალხის მობილიზება. მეორე ტურში კარდაკარ დაიარეს და ლამის ნადირობდნენ ჩვენს ხმებზე”, – აცხადებს მორგოშია.

“ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი, ოპოზიციურ პარტიებთან ალიანსის შექმნის შესაძლებლობაზეც საუბრობს, თუმცა განმარტავს, რომ “პატრიოტთა ალიანსთან” ამ ეტაპზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

 

მსგავსი თემები