ახალი კარვების ქალაქი მთავრობის კანცელარიასთან გაიშლება

საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარში”, მთავრობის კანცელარიასთან მჯდომარე საპროტესტო აქციის გამართავს და კარვების ქალაქის გაშლას გეგმავს. მათი მოთხოვნაა არჩევნების შესახებ კანონში ცვლილების შეტანა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.

​როგორც “ქართული მარშის” ერთ-ერთმა ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ განაცხადა, კარვების გაშლას დაახლოებით ორ კვირაში გეგმავენ და გაგრძელდება მანამდე, სანამ მმართველი პარტია “ქართული ოცნება” თავის დანაპირებს არ შეასრულებს და კანონმდებლობას არ შეცვლის.

“მთავრობა ვერ ფლობს ვითარებას, ამისთვის მარტო პრეზიდენტის ინაუგურაციის თემა კმარა, ვერ ჩამოყალიბებულან სად გამართონ ღონისძიება. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში რა ხმებიც მიიღო “ოცნებამ”, ისიც კი არ იყო სრულად მათი მხარდამჭერების. საზოგადოების დიდი ნაწილი არ ენდობა არც მთავრობას, არც პარლამენტს, შესაბამისად ქვეყანაში არის კრიზისი, რაც ვადამდელი არჩევნების საჭიროებას ზრდის”, – აცხადებს მორგოშია.

მისივე თქმით, ამ საკითხზე “მარშის” ლიდერები მართავენ კონსულტაციებს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან.

მსგავსი თემები