შსს-მ ინტერნეტით ნარკოტიკების გავრცელების სქემა გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა,  სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ერთად, 2 თვის განმავლობაში განხორციელებული კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ქალბატონი და 1994 წელს დაბადებული მამაკაცი, ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს, რომლის მიხედვითაც, დაკავებულები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზებას ინტერნეტის გამოყენებით ახდენდნენ.

პოლიცია, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მეშვეობით, ბრალდებულთა გადაადგილების მარშრუტებს აკვირდებოდა, სწავლობდა დანაშაულებრივი საქმიანობის ტაქტიკას და ფინანსურ რესურსებს. ასევე, განხორციელდა რამდენიმე ე.წ. საკონტროლო შესყიდვა.

მისივე თქმით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ნარკოტიკების შეძენის მსურველები ბრალდებულებს ერთ-ერთი ონლაინ აპლიკაციის გამოყენებით უკავშირდებოდნენ. სასურველი ტიპის და ოდენობის ნარკოტიკის შეკვეთის შემდეგ, მყიდველი ბრალდებულებისგან იღებდა შეტყობინებას, სადაც მითითებული იყო ანგარიშის ნომერი და თანხის ოდენობა.

„ანგარიშზე თანხის ასახვის შემდეგ, ნარკოტიკის შეძენის მსურველებს იმავე აპლიკაციის მეშვეობით ეგზავნებოდათ ფოტოშეტყობინება, შეძენილი ნარკოტიკის ადგილმდებარეობისა და მისამართის მითითებით. გამოძიებამ დაადგინა ეს ადგილები, ნარკოტიკების ე.წ. სამალავები, რომლებიც თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში იყო მოწყობილი. მიმდინარე წლის 7 მაისს, აღნიშნული კომპლექსური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ორივე ბრალდებული ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით იქნა დაკავებული. პოლიციამ, ქალბატონის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, სამალავებში დასატოვებლად გამზადებული 43 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად კი – ე.წ. სამალავებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული, 19 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მსგავსი თემები