„მომხმარებლები არ უნდა დავიჭიროთ, გამსაღებლებს კი დაუნდობელი ბრძოლა გამოვუცხადოთ“ – დიმიტრი ხუნდაძე ნარკოპოლიტიკაზე 


​საპარლამენტო
უმრავლესობის წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას და პოლიციელებს, ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბოლო დღეების განმავლობაში  განხორციელებული სპეცოპერაციის გამო მადლობას უხდის და აცხადებს, რომ მომხმარებლები არ უნდა დავიჭიროთ, მაგრამ გამსაღებლების წინააღმდეგ საჭიროა დაუნდობელი ბრძოლა.

„მადლობას ვუხდი პირადად შინაგან საქმეთა მინისტრს და ყველა იმ პოლიციელს, ვინც აქტიურად მონაწილეობდა ბოლო პერიოდში განხორციელებულ ოპერაციაში. მადლობა ხისტი და მკაცრი დამოკიდებულებისთვის ნარკოტიკების გამსაღებელთა მიმართ. ჩვენი პოლიტიკა 2 ძირითადი მიმართულებით გაგრძელდება, რაც გულისხმობს – ნარკოტიკების გამსაღებლების წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლას და ასევე, ვიმუშავებთ დეკრიმინალიზაციის მიმართულებით. რომ არ უნდა დავიჭიროთ ამაზე ვთანხმდებით, მაგრამ დეკრიმინალიზაციის მიღწევა ნარკოტიკების პოპულარიზებით არ უნდა მოვახერხოთ“, – აცხადებს დეპუტატი.

დიმიტრი ხუნდაძემ, არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ჯგუფის ულტიმატუმზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი დამოკიდებულება გაუგებარია.

„ ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს ნარკოტიკების პოპულარიზება. არ არსებობს სასარგებლო და უსარგებლო ნარკოტიკი. ყველა ნარკოტიკი სიცოცხლისთვის სახიფათოა. ამ ფონზე, გაუგებარია, როცა არასამთავრობო სექტორის გარკვეული ჯგუფები ულტიმატუმს აყენებენ და აცხადებს, რომ პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ. სახელმწიფო მუშაობს ნარკოპოლიტიკაზე და ის უნდა შეიცვალოს, მაგრამ უნდა შეიცვალოს ისე, რომ არ დავიჭიროთ, მაგრამ არ გავავრცელოთ ქვეყანაში ნარკოტიკი,“ – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

მისივე შეფასებით, ნარკოტიკების თემა მხოლოდ მომხმარებლებს არ ეხება, არამედ, ეს მწვავე საკითხი საზოგადოების იმ უდიდეს ნაწილსაც უკავშირდება, რომელიც ნარკოტიკებს არ მოიხმარს.
შეგახსენებთ, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა.

 

მსგავსი თემები