ტატუნაშვილის საქმეზე სარჩელი სტრასბურგისთვის მზადდება

არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე საქართველოს ხელისუფლება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართავს. სტრასბურგში შესატან სარჩელს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ამზადებს, რომლის თანახმად სასამართლოში მოპასუხე მხარე რუსეთის ფედერაცია იქნება.

როგორც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, იუსტიციის სამინისტრომ მთავრობასთან შეთანხმებით, ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო სარჩელის მომზადება სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნად, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობდა ცხედრის დასაბრუნებლად ცხინვალის რეგიონიდან.

“ამის შემდეგ გადმოგვეცა ცხედარი, მაგრამ სარჩელის მომზადების პროცესი არ შეჩერებულა. ჩვენ მას ძალიან მოკლე ვადებში დავასრულებთ. ამ საქმეზე მოპასუხე რუსეთის ფედერაცია იქნება“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა.  არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოკუპირებულმა ცხინვალმა მისი ოჯახს 26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით გადასცა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მას შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა.

 

მსგავსი თემები