რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას აზრი არ აქვს, 2019 წლის ოქტომბრამდე ვერ მოესწრება – მამუკა კაციტაძე

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნას “ახალი მემარჯვენეები” მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუერთდებიან, თუ ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგი შემდეგნაირად გადანაწილდება: პირველი – საარჩევნო სისტემის შეცვლა, მეორე – მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და პროპორციული სისტემის შემოღება და მესამე – საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შეცვლა.

როგორც პარტია “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ “მედიაცენტრ მთავარში”  გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუ ოპოზიციის მიზანია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება ამისთვის გარკვეული დროა საჭირო. უნდა განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილებები, შესაბამისად, წმინდა ტექნიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით, რიგგარეშე არჩევნები 2019 წლის ოქტომბრამდე ადრე ვერ ჩატარდება.

მამუკა კაციტაძის შეფასებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა თვალსაჩინო გახადა ის, რომ  თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრი დღეს არის პოლიტიკურ ფორმადაკარგული, ფორმაში არის მხოლოდ ორი პოლუსი – “ნაციონალური მოძრაობს” და “ქართული ოცნება”.

“ჩვენ თუ გვინდა მრავალპარტიული დემოკრატიისკენ გადავდგათ ნაბიჯები და მომავალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თანაბარ პირობებში, დიდად არ მხიბლავს რიგგარეშე არჩევნები, თუმცა თუ პოლიტიკური ოპოზიციის კონსოლიდაცია მოხდება სხვა საკითხებზე, მათ შორის, რიგგარეშე არჩევნებზე, ჩვენ როგორმე მაქსიმალურად მოკლე დროში აღვიდგენთ ფორმას”, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

მისივე განმარტებით, ოპოზიციასთან კონსულტაციებს მემარჯვენეები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუერთდებიან და ამას არ ექნება კოალიციური გაერთიანების სახე.

“არავისთან შეერთებას არ ვაპირებთ და არავის მოვუწოდებ შემოგვიერთდეს. ერთობლივად დავდგეთ ამ საკითხის ინტერესებიდან გამომდინარე დავგეგმოთ შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები. როცა ესა თუ ის პოლიტიკური ორგანიზაცია ამა თუ იმ თემის პრივატიზებას ცდილობს, ეს ავნებს კონკრეტულ თემას. ამიტომ საჭირო არ არის ამ საკითხის პრივატიზაციისთვის ბრძოლა. მე ვიყავი ის დეპუტატი, რომელმაც საქართველოს წინა მოწვევის პარლამენტში, საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით 200 ათასი ხელმოწერით წარვადგინე საკონსტიტუციო ცვლილება. ეს კანონპროექტი დღესაც პარლამენტში დევს, ისე, რომ კენჭი არ უყრიათ”, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ “მთავარში“.

მსგავსი თემები