“რვა კაცი დამახტა საწოლზე გორის ჰოსპიტალში და მახრჩობდნენ წნევიანს” – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. სასამართლო საზღვრის კვეთის საქმეს განიხილავს. ყოფილმა პრეზიდენტმა საკუთარი პატიმრობის შესახებ და საქართველოს უდიდეს პრობლემებზე ისაუბრა.

“ტურიზმში უდიდესი პრობლემები გვაქვს. როგორ შეიძლება მთაში ღარიბი ადამიანი ცხოვრობდეს, როდესაც ულამაზესი და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო სამთო კურორტები გვაქვს საქართველოში. თუმცა რა მიკვირს, მათ ამუშავებას ცოდნა სჭირდება, რაც ამჟამინდელ მთავრობას არ გააჩნია. ვართ უზნეო, გაუნათლებელი, საშინელი ხალხის ხელში. ყველაფერი ეს ვადამდელი არჩევნებით უნდა დასრულდეს ამ გაზაფხულს”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.

მისი თქმით, უბრალოდ სირცხვილია, რომ ასეთ მთავრობას ჩუმად ვუძლებთ და სირცხვილია ისიც, რომ ასეთი მთავრობა ასამართლებს იმ ადამიანს, რომელმაც ააშენა ბათუმი, საქართველო განავითარა და დაიწყო უამრავი პროექტი, რომლის გაკეთებაც ვერ მოესწრო.

“რვა კაცი დამახტა საწოლზე გორის ჰოსპიტალში და მახრჩობდნენ წნევიანს. მათრიეს პოლიციელებმა გლდანის საბყრობილეში, მაგინეს და მიწასთან გამასწორეს. ვინ არიან ესენი, როდესაც გიორგი ანწუხელიძემ, ერთ-ერთმა უდიდესმა გმირმა, რუსების ბრძანება არ შეასრულა, არც მიწას აკოცა და არც მიხეილ სააკაშვილს შეაგინა. ამის გამო ის მოკლეს. ნეტავ იქ ვყოფილიყავი, ვეტყოდი, რომ თუ უნდა შეეფურთხებინა ჩემთვის, ოღონდ სიცოცხლე გადაერჩინა, აი ახლა კი ასეთი უზნეო ხალხის ხელში ვართ და ასე მექცევიან, ზუსტად ამ მთავრობის ჩინოვნიკები”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.

მსგავსი თემები