მოსკოვის მუქარასა და ულტიმატუმს საქართველოსა და უკრაინის ნატოში არგაწევრიანებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორები ერთმანეთის მიყოლებით ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ ნატოს წევრობა კონკრეტული ქვეყნების სუვერენული უფლებაა და ამას რუსეთი ვერ გადაწყვეტს.
რუსეთის მუქარაზე კიდევ ერთი განცხადება გააკეთა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელმა.
„რუსეთმა გაუგზავნა აშშ-ს და ნატო-ს წინადადებები ევროპის მომავალ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის პრინციპებს. ამას თან ახლავს უკრაინის საზღვარზე სამხედრო მობილიზაცია და მუქარა რუსეთისგან, რომ მისი მოთხოვნები თუ არ შესრულდება, ის სამხედრო ძალას გამოიყენებს. ორი რამ ცხადია – ჩვენ უნდა გამოვიდეთ ევროკავშირის ერთიანი პოზიციით, რომელიც განმტკიცებული იქნება კონკრეტული ქმედებებით. რუსეთი ცდილობს, გამოიწვიოს ცივი ომის შემდგომ წარმოქმნილი პოლიტიკური წესრიგი“ – აცხადებს ბორელი.
მისივე შეფასებით, რუსეთი ვერ ჩაერევა ქვეყნების სუვერენულ უფლებებსა და გადაწყვეტილებებში.
„არსებობს სამი პრინციპი, რომელსაც რუსეთი წარსულში დაეთანხმა და ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. პირველი არის ქვეყნების უფლება, თავად აირჩიონ, სურთ თუ არა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში, შეთანხმებასა თუ ალიანსში ყოფნა, როგორც ეს პარიზის ქარტიით არის განსაზღვრული. ამ ფუნდამენტური პრინციპის ეჭვქვეშ დაყენებით მოსკოვი იქცევა, როგორც რევიზიონისტული ძალა. რუსეთის თვალთახედვით, ეს აკრძალვა არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის ყოფილ წევრ ქვეყნებს ეხება, არამედ ევროკავშირის წევრ შვედეთსა და ფინეთსაც.
მეორე და მესამე არის ძალის გამოუყენებლობა და ყველა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. რუსეთი არღვევს ამ სამ ფუნდამენტურ პრინციპს უკრაინაში, ისევე როგორც ეს უკვე გააკეთა საქართველოში. რუსეთი არა მხოლოდ განცხადებებს აკეთებს, არამედ ამას თან ურთავს მზარდ სამხედრო ზეწოლას უკრაინის საზღვარზე და ემუქრება კიევს ახალი ინტერვენციით, ვიდრე მოსკოვის ყველა მოთხოვნა არ შესრულდება“, – აცხადებს ჟოზეფ ბორელი.