„ომიკრონის“ საფრთხეებზე პედიატრმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა თამარ ობგაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მაქსიმუმ 2 თვეში მსოფლიოში გახდება დომინანტი.
„კორონავისუსის დღევანდელი ციფრები გვეუბნება იმას, რომ ინფიცირების შემთხვევები მატულობს და მოსალოდნელია კიდევ მეტი მატება. ინფიცირება გაცილებით მეტია, ვიდრე რეალური სტატისტიკა. “ომიკრონი” დაახლოებით 4-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტა“ ვარიანტი. სამხრეთ აფრიკაში, საიდანაც შტამი დაიწყო, დადებითობის მაჩვენებელი, 1%-დან 2 კვირაში 16,4%-მდე გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ გაიზრდება ყველა ქვეყანაში. სავარაუდოდ 2 თვეში სრულად ჩანაცვლდება „დელტა“ შტამი და ეს მოხდება ჩვენთანაც. უნდა ვიყოთ განსაკუთრებულად ფრთხილად“ – განაცხადა თამარ ობგაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.
შეგახსენებთ, რომ დღეს ვირუსით ინფიცირების 5 595 შემთხვევა დადასტურდა და 47 ინფიცირებული გარდაიცვალა.