„საპყრობილეში არ მივდივართ, მაგრამ ვიბრძოლებთ ეს ღირსების საკითხია“ – მამუკა ხაზარაძე

მოსამართლემ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს თავისუფლების აღკვეთს 7 წლის ვადით შეუფარდა, თუმცა,  მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი სასჯელისგან გაათავისუფლა. მხარეები საქმის ბოლომდე მიყვანას ღირსების საკითხად თვლიან და ბრძოლას ახლა იწყებენ.

„ეს ბრძოლა გაგრძელდება. ასეთი სასამართლოს და სამართლიანობის პირობებში ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წავა. ეს არის ერთი კაცის მიერ მართული სასამართლო და მართლმსაჯულება.  ამ ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა მანამ, სანამ თითოეულ მოქალაქეს არ ექნება იმის განცდა, რომ მის ღირსებებს და უფლებას იცავს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო. ეს სამწლიანი „მასკარადი“ ეს არის ფარსი და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა საპყრობილეში არ მივდივართ ჩვენ ამას გავასაჩივრებთ, ეს არის პრინციპის, ღირსების საკითხი“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლემ  მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი თაღლითობაში დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა.ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.  ავთანდილ წერეთელს კი ბრალდება ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.

 

მსგავსი თემები