„რადიო ქალაქის“ პროექტი თბილისში, მუხიანის დასახლებაში განხორციელდება

​თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, კერძოდ მუხიანის დასახლებაში, უახლოეს მომავალში „რადიო ქალაქის“ პროექტის განხორციელება დაიწყება. “რადიო ქალაქი” მოიცავს, კაფეებს, რესტორნებს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს.

თბილისის მერ კახა კალაძის შეფასებით, ეს თბილისის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც გლდანის, მუხიანისა და თემქის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება.

“ყველა თაობის ადამიანს ექნება შესაძლებლობა, მივიდეს და დაისვენოს. პროექტს ბიზნესთან ერთად განვახორციელებთ. საინვესტიციო თანხა 50 მილიონ ლარს შეადგენს და 200 სამუშაო ადგილი შეიქმნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით. დედაქალაქის ეკონომიკის განვითარებისთვის ერთი წლის განმავლობაში, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი წარმატებით განხორციელდა. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია „თბილისური ბაზარი“, რომელიც ამჟამადაც მიმდინარეობს, მოქალაქეებს შეუძლიათ, საკუთარი ნამუშევრები გამოიტანონ და გაყიდონ.

როგორც კახა კალაძემ მერიის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა, გატარდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა. კერძოდ, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, ამოქმედდა ბიზნეს აქსელერატორი, რომლითაც ბევრ სხვა მომსახურებასთან ერთად, მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი 5-ჯერ მცირდება.

დედაქალაქის მერის განცხადებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ღამის ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. კერძოდ, ამოქმედდა „ღამის ავტობუსი“, ჩატარდა ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი, რომლის ფარგლებშიც, ფესტივალი neWon გაიმართა.

კახა კალაძის თქმით, ყოველ პარასკევსა და შაბათ ღამეს, 00:00-დან 06:00 საათამდე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“„ვარკეთილამდე“,„ღამის ავტობუსი“ მოძრაობს, რომელიც მგზავრებს გასართობ და კულტურულ ცენტრებთან აკავშირებს. ასევე, თბილისში პირველად ჩატარდა ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი და ფესტივალი neWon, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

“გვყავდა უცხოელი სტუმრები, სხვადასხვა ქალაქების ღამის ეკონომიკის მერები. მათ შორის, ამსტერდამის მერი. გაიმართა დისკუსია, თუ რა უნდა განხორციელდეს და როგორი უნდა იყოს ხელშეწყობა მუნიციპალიტეტის მხრიდან, როგორი უნდა იყოს სხვადასხვა უწყებების ჩართულობა. ჩვენ შევძლებთ დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას – მცირე და საშუალო ბიზნესს მიეცემა შესაძლებლობა, კიდევ უფრო გაფართოვდეს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

 

მსგავსი თემები