ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი დღეისთვის უკვე დასრულდა, თუმცა მოსამართლემ განაჩენის გამოტანა  გადადო.

როგორც მოსამართლე გიორგი არევაძე პროცესის ბოლოს აღნიშნა, გადაწყვეტილებას ხვალ, 12 იანვარს, 11:00 საათზე გამოაცხადებს.

“თიბისი ბანკისა” და პოლიტიკური პარტია “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ სასამართლო პროცესზე ბიძინა ივანიშვილზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ივანიშვილმა მასთან საქმის მოგვარების მიზნით ხალხი გაგზავნა.

„ბიძინა ივანიშვილს გამოგზავნილი ჰყავდა ხალხი, დავალაგოთ და დავასრულოთ ეს ყველაფერიო, მაგრამ ამაზე არ წავედით” – განაცხადა ხაზარაძემ.

პროცესის დასრულებამდე, ხაზარაძე სიტყვიერი დაპირისპირების გამო გააძევეს. დარბაზის დატოვების შემდეგ ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს ბიძინა ივანიშვილის შესახებ უფრო ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ივანიშვილის მიზანი ქვეყნის გაღატაკებაა, რადგან უფრო მარტივად მართოს.

“ან ვალში უნდა იყო მასთან, ან უნდა იყო გაშავებული მის სიაში, რომ ყოველთვის კომპრომატი ჰქონდეს მას შენზე სამოქმედოდ. მან მოახერხა ეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოახერხა ეს, სუს-ის მეშვეობით, მოსყიდვის მეშვეობით, ვიღაცაზე კრედიტების მიცემის მეშვეობით, ჩინოვნიკებზე მაქვს საუბარი, მერე თეთრი კონვერტებით ფულით ანაზღაურების მეშვეობით,ეს ყველაფერი რეალობაა. ჩვენ ამ ქვეყანაში სიმართლეს თუ არ ვიტყვით, ვიქნებით ამ ჭაობში,მე არ მინდა ჭაობში ყოფნა” – თქვა ხაზარაძემ.

პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა ბადრი ჯაფარიძემაც. როგორც მან  აღნიშნა, 2008 წელს განვითარებული პროცესებით, მათ შორის იმ სესხის გამო, რაზეც გამოძიება ედავებათ, დაზარალებულები თავად ბრალდებულები არიან.

“ველოდებით ხვალ მოსამართლის გადაწყვეტილებას. იმდენად ნათელია ყველაფერი, დღეს მე კიდევაც ვთქვი, რომ თუ ვინმე დაზარალდა ფოსრმაჟორული ვითარების გამო, რომელიც შეიქმნა 2008 წელს და რომლის პროგნოზირებაც შეუძლებელი იყო, ვართ ჩვენ. ჩვენ დავკარგეთ ქონების 2/3, მათ შორის, იმ სესხის გამო, რომლის გაფორმებაც მოხდა რუსეთის არმიის შემოჭრის და მსოფლიო გლობალური კრიზისის გამო.

ჩვენ ამ პროცესმა გაგვაძლიერა, გაგვაძლიერა იმ რწმენაში, რომ ასეთი ტიპის სასამართლო პროცესები აღარ უნდა გაიმართოს ამ ქვეყანაში და ასეთი დევნა უნდა შეწყდეს სამუდამოდ, იმისათვის, რომ ქვეყანას გაუჩნდეს მომავალი”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება ხვალინდელ სასამართლო პროცესს, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ბრალდებულებს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

 

მსგავსი თემები