“ევროპული საქართველო“ კვირის აქციას სოლიდარობას უცხადებს, მაგრამ არ შეუერთდება

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭომ კვირას, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე იმსჯელა და გადაწყვეტილებაც მიიღო. პარტიის „განჩინება“ დავით ბაქრაძემ გააჟღერა და აღნიშნა, რომ აქციას სოლიდარობას უცხადებენ, თუმცა საპროტესტო გამოსვლაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ბაქრაძის შეფასებით, ბრძოლის მთავარი გზა გადის პოლიტიკურ რეფორმებზე და არა საპროტესტო აქციებზე.

„გასაგები და ლეგიტიმურია თითოეული იმ ადამიანის წუხილი, ვისაც მიაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის გაპროტესტება უნდა მოხდეს კანონიერი საპროტესტო საშუალებებით. ჩვენ გვესმის თითოეული ასეთი ადამიანის წუხილი. მაგრამ „ევროპულ საქართველოს“ მიაჩნდა და მიაჩნია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ბრძოლის მთავარი გზა გადის პოლიტიკურ რეფორმებზე და არა საპროტესტო აქციებზე. შესაბამისად, პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონკრეტულად კვირას დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ჩვენ ვართ სრულად სოლიდარული თითოეული მოქალაქის და ადამიანის, რომელიც იქ მიდის საკუთარი პროტესტის გამოსახატად და უსამართლობის გასაპროტესტებლად, მაგრამ როგორც პარტია ორგანიზაციულად ჩვენ ამ აქციის ორგანიზებაში მონაწილეობას არ მივიღებთ“, -განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე შეფასებით, არჩევნებზე ზეწოლა, მოსყიდვა, ძალადობა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, კრიმინალურ სამყაროსთან შეკვრა დადასტურდა და ამ პრობლემების მასშტაბი მიუთითებს, რომ მეორე ტური მოქალაქეების თავისუფალი ნების გამოხატულებად ვერ ჩაითვლება.

„ამას ადასტურებს არასამთავრობო და საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნები. მოქმედ პრეზიდენტს არ გააჩნია დემოკრატიული მანდატი მიღებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით“ – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

კვირას, 2 დეკემბერს, „გაერთიანებული ოპოზიცია“ საპროტესტო მუხტით რუსთაველზე, 15:00 საათზე იკრიბება.

მსგავსი თემები