უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოზე ჰოსპიტალური სექტორის მზაობა განიხილეს

​ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე „ომიკრონის“ შტამის გავრცელების გავლენა და ჰოსპიტალური სექტორის მზაობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

აღინიშნა, რომ „ომიკრონის“ შტამს გავრცელების მაღალი სისწრაფე ახასიათებს, შესაბამისად, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით შესრულებას – პირბადის ტარებას, სოციალური დისტანციის დაცვას და ხალხმრავალი შეკრებების თავიდან აცილებას. ასევე ხაზი გაესვა ვაქცინაციისა და ე.წ ბუსტერ დოზებით აცრის მნიშვნელობას ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში დაავადების მსუბუქი მიმდინარეობისთვის.

როგორც ცნობილია, მთავრობის გადაწყვეტილებით, იანვრის ბოლომდე გრძელდება 200-ლარიანი წახალისების ღონისძიება და იმ პირთა ასაკმა, რომლებიც თანხას კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ მიიღებენ, 50 წლამდე დაიწია.

კვლავ ძალაში რჩება საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია, შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად შენარჩუნდეს მუშაობის დისტანციური რეჟიმი როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულებებში.

საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ საკურორტო სეზონის გათვალისწინებით, გამოიკვეთა სამთო კურორტებზე ინფიცირების შემთხვევების მატების ტენდენცია, ამიტომ საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსვენებლებს, დაიცვან ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმები და ატარონ პირბადე, გაუფრთხილდნენ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობას.

საკოორდინაციო საბჭომ ასევე იმსჯელა საერთაშორისო პროტოკოლის შესაბამისად საკარანტინო ვადების შემცირებასთან დაკავშირებით და ამ თემაზე შესაბამისი გადაწყვეტილებები უახლოეს დღეებში იქნება მიღებული.

 

მსგავსი თემები