ზედმეტად ლიბერალური დამოკიდებულებები ხშირად არ არის სიკეთის მომტანი – გურამ მაჭარაშვილი 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ დემოკრატიის პრინციპებიდან გამომდინარე, რიგგარეშე საპარალამენტო არჩევნების მოთხოვნისას გასათვალისწინებელია ამომრჩევლების 60%-ის პოზიცია, რომლებმაც 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს დაუჭირეს.

​როგორც გურამ მაჭარაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მმართველ ძალას, შესაბამისად გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა ეწინააღმდეგება უმრავლესობის ნებას.

“კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოში დემოკრატიისკენ. საპრეზიდენტო არჩევნებს საერთაშორისო დონეზე მაღალი შეფასება მიეცა. ქართულმა საზოგადოებამ უკვე მერამდენედ უთხრა უარი იმ ხელისუფლებას, რომელმაც 2012 წლამდე, არც თუ სასურველი შედეგი მოუტანა ქვეყანას. თუმცა გასათვალისწინებელია ამომრჩეველთა 40%-ის განწყობაც, ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველა მოქალაქის პოზიციას ითვალისწინებს. ამიტომ, არჩევნების ჯერ კიდევ პირველ და მეორე ტურამდე დაანონსდა ცვლილებები”, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

მისივე თქმით, გუნდში გადახალისება აუცილებელია. არსებობს ნიშნები, რომ ზედმეტად ლიბერალური დამოკიდებულებები ხშირად არ არის სიკეთის მომტანი.

როგორც დეპუტატი განმარტავს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ იმ შემთხვევაში იმართება, თუ პარლამენტი ვერ მიიღებს ქვეყნის ბიუჯეტს და პრეზიდენტი დაითხოვს მას, ან ვერ მოხერხდა მთავრობის დაკომპლექტება. “ყველა სხვა შემთხვევაში ეს არის მხოლოდ პოლიტიკური სპეკულირება ნებისმიერი ძალის, მით უმეტეს “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან”, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

მსგავსი თემები