საკადრისი თანადგომა სჭირდებათ ადამიანებს, რომლებიც ცოტა დაგვშორდნენ – შოთა ხაბარელი  

პარლამენტის წევრი, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელი მიიჩნევს, რომ საკადრო პოლიტიკის მიმართულებით, მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას” სერიოზული გადაწყვეტილებები აქვს მისაღები და საკადრისი თანადგომა სჭირდებათ ადამიანებს, ვინც ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლებას ცოტა დასცილდა.

“ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ დაშვებული იყო შეცდომები, ისინი უნდა გამოსწორდეს. საკადრო პოლიტიკის მიმართულებით სერიოზული გადაწყვეტილებებია მისაღები. ეს შეიძლება დავინახოთ როგორ პოზიტივი. საქართველო არის ძალიან პატარა, ყველამ ვიცით ჩვენი მეგობრები, ნათესავები, ახლობლები, ძალიან ბევრი უკეთესი ადამიანი, სად იდგნენ, იყვნენ ჩვენს წინააღმდეგ და მათი რიცხვი გაზრდილია, ამან განაპირობა 28 ოქტომბრის არჩევნების დაბალი პროცენტიც”, – განაცხადა შოთა ხაბარელმა “მედიაცენტრ მთავარში“.

მისი აზრით, საჭიროა მოქმედება და ხალხისთვის მიცემული დაპირებები უნდა შესრულდეს.

“დაბალი რანგის პოზიციებზე ჩვენ ისევ იმ ადამიანებს ვხვდებით, რომლებსაც ეს პოზიციები “ნაციონალური მოძრაობის” დროსაც ეკავათ. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში “ქართულ ოცნებასთან” ერთად იბრძოდნენ სისხლიანი ხელისუფლების ჩამოსაშორებლად, გვერდზე არიან გაწეულები და ვინც გვებრძოდნენ, ისინი უკეთეს პოზიციებზე არიან. ამას ხედავს საზოგადოება. ეს ყველაფერი იწვევს ხალხის გაღიზიანებას. იმ ადამიანებს საკადრისი თანადგომა სჭირდება, ვინც ცოტათი დაგვშორდნენ“, – აცხადებს შოთა ხაბარელი.

მსგავსი თემები