რატომ იწვევს უცაბედ სიკვდილს „სააბაზანო მარილები“ და რასთან კომბინაციაში აჩერებს გულს?!

ანალიტიკა
ავტორი: ეკა გულუა

ახალი თაობის სასიკვდილო ნარკოტიკის ე.წ. სააბაზანო მარილების მიღების  შედეგად  ძლიერ დარტყმას იღებს ცენტრალური ნერვული სისტემა, თავის ტვინი, ღვიძლი და გული; ორმაგი ეფექტის შედეგად, შინაგანი ორგანოები იწყებენ მუშაობას გაძლიერებულ რეჟიმში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გულის გაჩერება, სუნთქვის უკმარისობა, ღვიძლის უკმარისობა და სხვა დამღუპველი შედეგები.

მარტივად ხელმისაწვდომი, ახალი თაობის სასიკვდილო ნარკოტიკის ე.წ. სააბაზანო მარილების ბოლო მსხვერპლნი 38 და 39 წლის ახალგაზრდები არიან. აღნიშნული ნარკოტიკების სიკვდილის ქრონოლოგიას თუ მივყვებით, ბოლო ერთ თვეში ათამდე ახალგაზრდა შეიწირა, თუმცა, ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა კონკრეტულად რა გახდა უეცარი სიკვდილის მიზეზი ამ ეტაპისთვის დადგენილი არ არის.

“მეფედრონის” მიღების შედეგად, თბილისის ერთ-ერთი ღამის კლუბიდან ღუდუშაურის კლინიკაში 22 წლის ახალაგაზრდა 4 მაისს გადაიყვანეს.
ვარაუდით, ამ შემთხვევაშიც სიკვდილი „სააბაზანო მარილს“, იგივე მეფედრონს უკავშირდება, რომელიც ძლიერი ფსიქოსტიმულატორია, ჰალუცინაციებს, ფსიქიკის დარღვევას, მძიმე ფსიქოზს და სიკვდილს იწვევს.

„სააბაზანო მარილებთან“ დაკავშირებულმა მძიმე შედეგებმა ნარკოპოლიტიკის თემა ისევ დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდებების საგნად აქცია. ერთი ჯგუფი ცდილობს, მიმდინარე პროცესები ნარკოპოლიტიკის ლებერალიზაციისთვის გამოიყენოს. კერძოდ, მათი არგუმენტი შემდეგია: ხელისუფლებას ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია რომ მოეხდინა, მსგავს შედეგებს არ მივიღებდით და ის, რაც დღეს ხდება, ნარკოპოლიტიკის შედეგია.

„შავ ბაზარზე შემოყრილია ნარკოტიკული საშუალებები, რასაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ეწირება. რამდენიმე წუთის წინ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ დღეს კიდევ 2 ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა საკუთარ სახლში მოხმარების შემდგომი ძილის პერიოდში. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვივარაუდოთ, რომ ეს ყოველივე ხდება მიზანმიმართულად და სისტემა სიკვდილისთვის გვიმეტებს. თითოეულ გარდაცვლილ ადამიანზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ სახელმწიფოს, რომელიც არათუ არაფერს აკეთებს ვითარების ცვლილებისთვის, არამედ ხმასაც არ იღებს შექმნილ საგანგაშო მდგომარეობაზე. ვვარაუდობთ, რომ არა მხოლოდ ე.წ მეფედრონია ლეტალობის მიზეზი, არამედ ყველა სხვა ნარკოტიკული საშუალებაც განგებაა დაბინძურებული დღემდე უცნობი ნივთიერებით მოცემულობა ძალიან ჰგავს მიზანმიმართულ დივერსიას, სადაც მომხმარებლები სრულიად დაუცველ მდგომარეობაში ვიმყოფებით“, – აცხადებენ “თეთრი ხმაურის მოძრაობაში”.

პოლიტიკურ მოძრაობა „გირჩში“ ( რომელმაც „მარიხუანა“ პირდაპირი ეთერის საშუალებით ქოთნებში დათესა და ამით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების პროპაგანდასა და უვნებლობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი) არსებულ შედეგს ხელისუფლებას აბრალებენ, რადგანაც მათ ახალგაზრდებს ე.წ. „სააბაზანო მარილების“  ნარკოტიკებად გამოყენების წესები არ ასწავლა.

„დღევანდელი მოცემულობით, ქვეყანაში ყველა ტიპის ნარკოტიკი აკრძალული გვაქვს. ნარკოტიკის მომხმარებელსა და გამსაღებელზე ნადირობაა  გამოცხადებული. აი, ეს არის რეალობა. ამ რეალობაში კი ქვეყანაში შემოდის ახალი ნარკოტიკი, რომლის შესახებაც არაფერი ვიცით. არ ვიცით მისი მიღების წესები, დოზირება, რა ფორმით უნდა მივიღოთ და რასთან ერთად არ შეიძლება მისი გამოყენება.  არსებული ვითარება იმის შედეგია, რომ ის ნარკოტიკი, რომლის მოხმარებაც ვიცით, იდევნება და აკრძალულია. ის, რომ ამ ახალი  ნარკოტიკის მიღების შედეგად ადამიანი გარდაიცვალა, არის იმ სისტემის ბრალი, რა სისტემაც ქვეყანაში არსებობს. ადამიანური ნარკოპოლიტიკა რომ გვქონოდა, ეს შედეგი ხომ არ დაგვიდგებოდა. ბავშვებს ამ ნარკოტიკის მოხმარების წესები რომ  სცოდნოდათ, არსებული შედეგი ხომ არ დაგვიდგებოდა. ნამუსი აქვს ხელისუფლებას?“ – კითხულობს პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია.

რაც შეეხება მეორე ჯგუფს,  რომლის უდიდეს ნაწილს საქართველოს მოსახლეობა, გამოცდილი და ხანდაზმული მეცნიერები, ნარკოლოგები, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, არასამთავრობოები  შეადგენენ,  აცხადებენ, რომ მსგავსი მსჯელობა, ახალგაზრდებისთვის დამღუპველი  და გამწირველია.

 

ყველა ნარკოტიკი მძიმე და მომაკვდინებელია. პროპაგანდაა,  თითქოს, ჩვენი წინაპრები მარიხუანას აქტიურად იყენებდნენ და შედევრებს ამიტომაც ქმნიდნენ

——————————————

როგორც მედიაცენტრ „მთავართან“ საუბრისას ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორი ლაშა კილაძე  აცხადებს, უვნებელი და უსაფრთხო ნარკოტიკი არ არსებობს და მსგავსი განცხადებები საშიში ტენდენციის მატარებელია: „საშიში და ზედაპირული მსჯელობაა, როცა ამბობენ, რომ ლეგალიზება რომ ყოფილიყო, ამ შედეგს არ მივიღებდით. ეს საკითხები ერთმანეთთან კავშირში არ არის. უვნებელი ნარკოტიკი არ არსებობს. ყველა ნარკოტიკი უკიდურესად მძიმე და მომაკვდინებელია.  ასევე მცდარია კამპანია მსუბუქი ნარკოტიკების შესახებ. დღეს კი რატომღაც ტრენდი გახდა ნარკოტიკებზე და  მის უვნებლობაზე საუბარი. მსგავსი  პროპაგანდა  დაუშვებელია. ძალიან რთულია პროპაგანდასა და ადამიანის თავისუფლებას შორის ზღვარის გავლება, თუმცა, ფაქტია, რომ ჩვენ ამ ზღვარი ვერ  დავიცავით. ნარკოტიკების პროპაგანდასთან დაკავშირებით არსებობს კანონმდებლობა, თუმცა, მას დაცვა სჭირდება. პროპაგანდაა ისიც, რომ თითქოს, ჩვენი წინაპრები მარიხუანას აქტიურად იყენებდნენ შედევრებს ამიტომ ქმნიდნენ. ეს  საშიში ტრენდი და ახალგაზრდებთან საშიში ფორმით თამაშია. ნებისმიერი ნარკოტიკი დამღუპველი და საშიშია.“

იგივე პოზიციას აფიქსირებს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც ნარკოპოლიტიკის რეფორმის ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა. როგორც მან „მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, მსჯელობა, რომ ახალგაზრდების გარდაცვალება არსებული ნარკოპოლიტიკის შედეგია, ქვეყნისთვის და ერისთვის დამღუპველია.

„მსგავსი მსჯელობა მიუღებელი, საშიში და სახიფათოა. ის, რომ  ახალგაზრდები ახალ ნარკოტიკს არ იცნობენ და უნდა ავუხსნათ რომელია უკეთესი ნარკოტიკი და როგორ გამოიყენონ,   ყოველგვარ ზღვარს სცილდება. საზოგადოებას არავინ თვლის სულელად, თუმცა, ასეთ მსჯელობას სახიფათოდ სულელურად მივიჩნევ. როცა თემაზე ვსაუბრობთ, თუნდაც მარიხუანასთან დაკავშირებით, მარიხუანა ნამდვილად არ არის კუბდარის ერთ-ერთი შემადგენელი ინგრედიენტი, მარიხუანა ეს არის მძლავრი ჰალუცინოგენი, რომელიც იწვევს კოორდინაციის დარღვევას, ცნობიერების დაბინდვას, ემოციურ ეგზალტაციას, ის კარიბჭის ნარკოტიკი. მასზე ხდება მყარი დამოკიდებულება, მარიხუანას მომხმარებელი მის გარშემო ორ-სამ ადამიანს ითრევს ამ საქმიანობაში და მისი მომხმარებლის 30% გადის მძიმე ნარკოტიკზე, ანუ ეს არის გზა დიდი ნარკომანიისკენ. ამიტომ მე ვფიქრობ, ცოტა მეტი უნდა ვიცოდეთ, მეტად ვერკვეოდეთ საკითხში და მერე უნდა ვისაუბროთ. სანამ მაქვს ბერკეტი სახელისუფლებო თუ საკანონმდებლო, მე ნამდვილად არ ვაპირებ შევიმუშავო იმდაგვარი კანონპროექტი, რომ ბავშვებს ავუხსნა თუ რომელი ნარკოტიკი სჯობს და რომელი უნდა მიიღოს, ეს არის სახიფათოდ სისულელე, ამას ვგმობ და არ ვურჩევ არავის ამას დემაგოგიაც არ ჰქვია, ასეთი სისულელე მოისმინოს და დაიჯეროს“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

რაც შეეხება ნარკოტიკების პროპაგანდის თემას, დეპუტატმა აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გააკეთა და პროპაგანდაში მონაწილეობაში გარკვეული მედიასაშუალებებიც დაადანაშაულა.

„ბოლო პერიოდში, მარიხუანაზე საუბარი და მისი პოპულარიზება აქტიურად მიმდინარეობს. ხშირია, როცა ცნობადი სახეები მის სასარგებლო და სამკურნალო თვისებებზე ამახვილებენ ყურადღებას და ამით ნარკოტიკების პოპულარიზებას ეწევიან. მარიხუანას „კარიბჭის ნარკოტიკსაც“ კი უწოდებენ, ჩვენთან კი მისი ჭარბი პოპულარიზება ხდება… უნდა ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე… რატომღაც, ის გარკვეულ ტრადიციებთან გავაიგივეთ, თითქოს, ხაჭაპურისა თუ კუბდარის მარიხუანას გარეშე გამოცხობა არ შეიძლება“, –  აღნიშნა დეპუტატმა.

ნარკოტიკების მოჭარბებულ პროპაგანდაზე განცხადება პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძემაც გააკეთა.  დეპუტატი პროპაგანდაში ჩართულ ადამიანებს მიმართავს და ამბობს, რომ ნარკოპოლიტიკის შემსუბუქებას “კაიფის” პროპაგანდით არ უნდა მივაღწიოთ:
„რატომ მიდის მარიხუანას და “კაიფის” ასეთი პირდაპირი პროპაგანდა თითქმის ყველა არხზე? ამ წუთებში “საზმაუზეც” იგივე ხდება და ერთმანეთს ეჯიბრებით? გრანტებზე მიდის ხელჩართული ბრძოლა თუ რა ჯანდაბა გჭირთ? გასაგებია და ვიცით, რომ ნარკოპოლიტიკა რეპრესიული არ უნდა იყოს და ამას უნდა მივაღწიოთ, მაგრამ “კაიფის” პროპაგანდით? არავის დაგთაგავთ, ყველას ვერც დაგთაგავთ, იმდენი დაგროვდით უკვე! გეწყინოთ თუ გინდათ, მაგრამ ამაში ბიუჯეტი ფულს არ უნდა იხდიდეს და მართლა კარგი გადაცემებითაც კი, ამ საძაგლობას ვერ გადაფარავთ. საშინელებაა რასაც ჩადიხართ. საშინელება.“

რაც შეეხება კონკრეტულად ახალი თაობის სასიკვდილო ნარკოტიკს ე.წ. „სააბაზანო მარილებს“,  როგორც  ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ლაშა კილაძემ „მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, ის ბაზარზე პირველად  2012-2013 წლებში გამოჩნდა.

 

ყველაფერიმკვლელი მარილისშესახებ, რომელიც გულს უცაბედად აჩერებს

———————————————–

ლაშა კილაძე: „ე.წ. სააბაზანო მარილები საქართველოში ბაზარზე  პირველად 2012-2013 წლებში გამოჩნდა და დიდი ბუმი იყო.  მაშინაც დაფიქსირდა გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა, თუმცა, არა იმდენად მასშტაბური, როგორც დღეს ხდება. პროცესი დინამიურად ვითარდება, პროგნოზირება რთულია. ფაქტია, რომ მისი მოხმარება ხშირია და ის გზებიც ცნობილია, რა გზითაც აღნიშნული ნარკოტიკი ვრცელდება. . რთულია და საექსპერტო საკითხია, რა იწვევს გარდაცვალებას. გამოსაკვლევია,  ეს ნივთიერება კომბინაციაში რასთან ერთად იყო მიღებული. მისი მიღება ალკოჰოლთან ერთად მომაკვდინებელია. ფაქტია, რომ შემხთვევები გახშირდა და შესაბამისი რეაგირებაც ვერ ხდება.“

რა არის მეფედრონი?

მეფედრონი -საქართველოში  გავრცელებული სინთეზური ფსიქოსტიმულატორია. ის სინთეზური კათინონების ჯგუფს მიეკუთვნება და მიიღება კათინონთანორი მეთილის ჯგუფის ქიმიური დაკავშირებით.

მეფედრონის გავრცელების ხელშემწყობი ფაქტორები:

  • ხელმისაწვდომობა;
  • დაბალი ფასი;
  • ძლიერი ეიფორია.

მეფედრონის შემცველი საყოფაცხოვრებო საშუალებები:

  • აბაზანის მარილები;
  • მცენარეების სასუქები;
  • ლაქის ამომყვანი საშუალებები;
  • მწერების საწინააღმდეგო ფხვნილები;
  • ფრინველების საკვების დანამატები

მეფედრონის კლინიკური გამოვლინებები დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:

  • მეფედრონის დოზა;
  • მეფედრონის მოხმარების გზა;
  • მომხმარებლის ინდივიდუალური თავისებურებები (იგულისხმება ტოლერანტობა).

მეფედრონული მწვავე ინტოქსიკაციის გვერდითი მოვლენები:

  • უძილობა;
  • ძლიერი აგზნება;
  • ფსიქოზური მდგომარეობა.

მეფედრონის მოხმარების ადრეული  გართულებები:

  • გულისრევა , ღებინება;
  • ცხვირიდან სისხლდენა;
  • თავის ტკივილი;
  • მხედველობის დაქვეითება;
  • ტოქსიკურიმიოკარდიტი;
  • ტაქიკადია და გულის სასიკვდილო არითმია;
  • მიოკარდიუმის ინფარქტისგან ვითარების მაღალი რისკი.

მეფედრონის მოხმარების ადრეული გართულებები:

  • პანიკური რეაქციები;
  • ფსიქოზური მდგომარეობა;
  • დეპრესია;
  • არტერიული ჰიპერტენზია და მასთან დაკავშირებული გართულებები;
  • გულის მწვავე უკმარისობა;
  • სისხლის მიმოქცევის მოშლა;
  • ელექტროლიტური დისბალანსი-ჰიპონატრიემია;
  • კრუნჩხვები;
  • აუტოიმუნური ვასკულიტი;
  • უეცარი სიკვდილი.

მეფედრონი და ალკოჰოლი

  • განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს  მეფედრონისა და ალკოჰოლური სასმელების კომბინაცია;
  • ძლიერ დარტყმას იღებს ცენტრალური ნერვული სისტემა, თავის ტვინი, ღვიძლი და გული;
  • ორმაგი ეფექტის შედეგად, შინაგანი ორგანოები იწყებენ მუშაობას გაძლიერებულ რეჟიმში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოსგულის გაჩერება, სუნთქვის უკმარისობა, ღვიძლის უკმარისობა და სხვა სამწუხარო შედეგები.

თუ სტატისტიკას გადავხედავთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ბოლო 4 თვეში, სამართალდამცველებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით,  უკანონო ბრუნვიდან 18 კილოგრამი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.  მათ შორისაა ე.წ. „კლუბური ნარკოტიკი:“ ბუპრენორფინის შემცველი 3000 აბი, 1 კილო და 355 გრამი „მდმა“, 650 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება, 318 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.

 

 

 

 

მსგავსი თემები