არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია, ყველა დაისჯება – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელ მდივან ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნების გაყალბებისთვის ყველა უმკაცრესად დაისჯება, როგორც რიგითი აქტივისტები, ასევე ის ადამიანები, ვინც ამ სქემის სათავეში დგანან.

ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა რუსთავში დაფიქსირებულ ორმაგ მარკირებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის ათზე მეტი შემთხვევა მიუთითებს სისტემურ დანაშაულზე.

„როგორც ჩანს, “ნაციონალური მოძრაობა” შეაშინა ჩვენს მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ რუსთავში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, იქ გამოვლინდა გაყალბების სისტემური მცდელობა, კერძოდ ჩვენ აღვნიშნეთ, რომ 7 პირი ცდილობდა ე.წ. ორმაგი მარკირებით მიეცათ ხმა საარჩევნო უბნებზე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ სახელებს და გვარებს, ესენი იყვნენ: მერაბ კოჭლამაზიშვილი, ოთარ თურაშვილი, ეთერი მგელაძე, ირაკლი ჩინჩალაძე, გიორგი გელენჯერიძე, მანანა ჩიტაძე და ქსენია თავგორაშვილი. ამას დაემატა კიდევ რამდენიმე სახელი და გვარი, ასევე რუსთავიდან: მანანა ჩიტაძე, რომელიც ასევე ცდილობდა ორმაგი მარკირებით ხმის მიცემას, ნინო ცერცვაძე, ასევე ნაცმოძრაობის აქტივისტი, რომელიც ცდილობდა ორმაგი მარკირებით ხმის მიცემას და დანიელ თუნგია, ასევე ნაცმოძრაობის აქტივისტი, რომელიც ცდილობდა ორმაგი მარკირებით ხმის მიცემას“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაიწყოს საგამოძიებო მოქმედებები და უმკაცრესად დაისაჯონ ის პირები, რომლებიც მონაწილეობენ არჩევნების არასწორად წარმართვაში.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით მივმართავ “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, თქვენ გიბიძგებენ თქვენი ლიდერები სისხლის სამართლის დანაშაულისკენ. აქედან გამომდინარე, ვაფრთხილებთ ყველას, დანაშაულს ექნება შესაბამისი რეაგირება კანონის მთელი სიმკაცრით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ დამკვირვებლებს მოუწოდა, მიიღონ შესაბამისი ზომები იმისათვის, რომ მოხდეს შესაბამისი რეაგირება ამ ძალიან მძიმე სამართალდარღვევაზე.

მსგავსი თემები