“დღევანდელი არჩევანი არის ძალიან მარტივი, ნუ შექმნით აგრესიულ ფონს” – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კოორდინატორებსა და მხარდამჭერებს მობილიზაციისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ თავისუფალი არჩევანის გაკეთება დღეს გაცილებით მარტივია. მან კონკრეტულ მედიასაშუალებებს მოუწოდა, აგრესიულ ფონს ხელოვნურად ნუ შექმნიან.

ირაკლი კობახიძე ბათუმის ინციდენტს გამოეხმაურა, სადაც N 29-ე საარჩევნო უბანზე ერთმანეთს გაერთიანებული ოპოზიციის და “ქართული ოცნების” მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. ხმაური საარჩევნო სიებს მოჰყვა, რომელიც “ქართული ოცნების“ კოორდინატორებს წაართვეს.

​როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, არის უამრავი სპეკულაცია, რითაც ხელოვნურად იქმნება აგრესიული ფონი. ყველა პოლიტიკურ სუბიექტს აქვს უფლება, კომისიიდან აიღოს ოფიციალური საარჩევნო სიები, მათ შორის ფოტოსურათებით, გარდა პირადი ნომრებისა.

“არის სიები, რომელიც აქვს ყველა პოლიტიკურ სუბიექტს. ძალიან გთხოვთ, „რუსთავი 2“-ს განსაკუთრებით, ნუ შექმნით ხელოვნურად აგრესიულ ფონს, არ არის აგრესიული ფონი ამ არჩევნებში. ნუ შეეცდებით ხელოვნურად შექმნათ ასეთი ფონი. ჩვენ უნდა მივცეთ ჩვენს ამომრჩეველს იმის საშუალება, რომ მათ ხმა მისცენ მშვიდ გარემოში. ეს არის თქვენი პასუხისმგებლობაც. არის უამრავი სპეკულაცია, რითაც ხელოვნურად იქმნება აგრესიული ფონი. ყველას მოგიწოდებთ, გამოავლინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. მათ შორის, ეს არის კონკრეტული მედიასაშუალებების პასუხისმგებლობაც“, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საზოგადოებას არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება, რადგან დღევანდელი არჩევანი არის ძალიან მარტივი, არის ორი პოლიტიკური ძალა. ერთ მხარეს არის პოლიტიკური ძალა, რომლის თვისებებიც არის აგრესია, სიძულვილი, სიცრუე, ხოლო მეორე მხარეს არის ძალა, რომელმაც ეს ყველაფერი წარსულს ჩააბარა.

“დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება. პირველ ტურში დაბალმა აქტივობამ განაპირობა ის, რომ ამ ნეგატიურმა ძალამ მიიღო საკმაოდ მაღალი შედეგი არჩევნებში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები