თავისი სურვილით სააკაშვილის დაბრუნებას არ უნდა ველოდოთ, თორემ ღარიბაშვილი არსად წასულა – კობა კობალაძე 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი კობა კობალაძე აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, არის ღირსებისა და სამშობლოს შეგრძნების მქონე ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პერიოდში მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა და თავის მოვალეობას ახალგაზრდული შემართებით ასრულებდა. ​​ის პოლიტიკიდან არ წასულა.

“არანაირად არ უნდა ველოდოთ, თავისი სურვილით მიხეილ სააკაშვილისა და იმათ დაბრუნებას, ვინც გაიქცა აქედან. თორემ ხალხი, რომელიც ამ ქვეყნის წინაშე ვალდებულებით და სამშობლოს შეგრძნებით ცხოვრობს, ისინი არასდროს წასულან და არც დასაბრუნებელი სჭირდებათ. ირაკლი ღარიბაშვილი აძლიერებს იმ სეგმენტს, რომელშიც ის არის. დანარჩენი სად იქნება გამოსაყენებელი მისი პოტენციალი, ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი აზრს მოკლებულია”, – განაცხადა კობა კობალაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ქვეყნისათვის ისეთ მნიშვნელოვან პერიოდში, როგორიც დღეს არის, არც ერთი ადამიანი, ვისაც  ღირსება და სამშობლოს შეგრძნება გააჩნია, გვერდზე ვერ გადგება.

აღსანიშნავია, რომ თანამდებობიდან წასვლიდან სამი წლის თავზე,  ყოფილი პრემიერ – მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებს, ყველაფერი პირადი გვერდზე გადადონ და საბოლოოდ უთხრან უარი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და მასთან ერთად ყველა არაეროვნულ ძალას.

მსგავსი თემები