საქართველო რუსული აგრესიისთვის  მობილიზებული უნდა იყოს – კობა კობალაძე 

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი კობა კობალაძე აცხადებს, რომ საქართველო და უკრაინა არის ერთ მიმართულებაზე მდგარი ქვეყნები, რომლებსაც აქვთ სურვილი იყვნენ თავისუფლები და საერთო თავისუფალი სამყაროს ღირსეული წევრნი. აქედან გამომდინარე არ შეიძლება, რუსეთის აგრესია რომელიმე ქვეყნის მიმართ განცალკევებულად განიხილებოდეს. საქართველოც და უკრაინას რუსული აგრესიისთვის მობილიზებულები უნდა იყვნენ და ნებისმიერი მათი ქმედება უნდა იყოს განპირობებული  სახელმწიფოებრივი პოზიციიდან გამომდინარე.

როგორც კობა კობალაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, ​რუსეთის მიზანია უკრაინისთვის უპერსპექტივო გახადოს შავი ზღვის აკვატორიაში მოძრაობა და  მისი სწრაფვა პრინციპული დამოუკიდებლობისკენ.

“განზოგადებულად და განცალკევებულად ვერ განვიხილავთ იმ პროცესებს. ილუზიაში არ უნდა გადავვარდეთ და იმედები იმაზე მეტი არ უნდა გვქონდეს, ვიდრე გვთავაზობს რუსული აგრესია. რუსეთს აქვს თავისი მიზნები პოსტსაბჭოთა სამყაროზე, რაც დაუსჯელი აგრესიით ხორციელდება. თანამეგობრობის პოზიცია თუ არ იქნება უფრო კონკრეტული, უფრო ხისტი და მიზანმიმართული, ჩვენ კვლავ ვიქნებით იმის მოწმეები, რომ ეს აგრესია კვლავ განვითარდება და რუსეთი განაგრძობს მცოცავ ანექსიას”, – აცხადებს კობა კობალაძე.

მისივე თქმით, საქართველო შესაძლოა იყოს გარკვეული, თუნდაც მცოცავი აგრესიის სამიზნე. ამის დამადასტურებელი ფაქტები ყოველდღიურობაში არსებობს. გრძელდება მცდელობები, რომ რუსეთის პოლიტიკურმა ელიტამ თავისი მიზნობრივი კომბინაციებით გააფართოვოს თავისი გავლენები საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში.

“ეს ყველაფერი ახასიათებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. ქვეყანა დგას გზაგასაყარზე, როცა ჩვენ გვაქვს უნარი კონკრეტულად ავირჩიოთ ან თავისუფლება, ან გაურკვევლობა”, – აცხადებს კობა კობალაძე.

მსგავსი თემები