ბათუმის დრამატული თეატრის რეკონსტრუქცია დასრულდა, განახლდა ჭერის უნიკალური მოხატულობა

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის რეკონსტრუქცია დასრულდა. ისტორიული შენობის უნიკალურ კედელსა და ჭერის მხატვრობას რესტავრაცია ჩაუტარდა და დაუბრუნდა ავთენტურობა, ისევე, როგორც უნიკალური ჭაღს, კაპიტელებს და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს.

შენობის რესტავრაციასთან ერთად, თეატრში დამონტაჟდა განათებისა და გახმოვანების თანამედროვე სისტემები, სცენის ახალი მექანიზმები და თანამედროვე სადადგმო ტექნოლოგიები, რაც დასს საშუალებას მისცემს განახორციელოს ყველაზე თამამი ექსპერიმენტები და უმასპინძლოს მსოფლიო დონის თეატრალურ დასებს. ამასთან, შესაძლებელი იქნება, რომ შენობაში არსებულ დიდი და მცირე სცენებზე პარალელურ რეჟიმში სხვადასხვა წარმოდგენები გაიმართოს.

როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, დრამატული თეატრის რეაბილიტაცია ფონდმა “ქართუმ” 14,5 მილიონი ლარით დააფინანსა. თეატრი 480 მაყურებელზეა გათვლილი და ადაპტირებულია შშმ პირებზე.

“განახლებული ბათუმის თეატრი საშუალებას მოგცემთ, სრულფასოვნად და მთელი ძალით წარმოაჩინოთ ქართული ხელოვნების პოტენციალი. მე ძალიან მიხარია, რომ თქვენთან ერთად სხვა მსოფლიო დასებსაც ექნებათ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში. ეს კიდევ უფრო ხაზს გაუსვამს ბათუმის, როგორც ფესტივალების ქალაქის სტატუსს”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

ბათუმში თეატრალური ხელოვნება სათავეს მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან იღებს.

მსგავსი თემები