“ვინც ხმას მიცემს გრიგოლ ვაშაძეს, გაირიცხება “ქართული მარშის” რიგებიდან”- სანდრო ბრეგაძე

​საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობასთან დაკავშირებით მოძრაობის რიგებში პოზიციები გაიყო. ნაწილი 28 ნოემბრის არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას უჭერს მხარს, ნაწილს კი მიაჩნია, რომ, მოსწონთ თუ არა, პრეზიდენტობის იმ კანდიდატს უნდა მისცენ ხმა, რომელსაც მხარს მმართველი პარტია “ქართული ოცნება” უჭერს.

როგორც სანდრო ბრეგაძე აცხადებს, “ქართული მარში” კატეგორიულად გამორიცხავს “ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერას.

“ნებისმიერი ჩვენი წევრი, ვინც ხმას მიცემს ვაშაძეს, გაირიცხება მარშის რიგებიდან. ამავე დროს ვაცხადებთ თავისუფალ არჩევანს, ვისაც სურს შეუძლია არ წავიდეს არჩევნებზე ან მხარი დაუჭიროს ზურაბიშვილს – პირადად მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას სალომე ზურაბიშვილზე, რადგან დაზუსტებით ვიცი თუ რა მძიმე შედეგების მომტანი იქნება მისი პრეზიდენტობა და ამიტომ ბოიკოტს ვუცხადებ კოჰაბიტატორების არჩევნებს!”, – წერს სანდრო ბრეგაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

28 ნოემბრის არჩევნებთან დაკავშირებით სანდრო ბრეგაძემ განცხადება მანამდე “მედიაცენტრ მთავარში” გააკეთა: – “ქართული მარშის” წევრები სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ რომ, არჩევნებში ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ და არ დავუჭერთ გრიგოლ ვაშაძეს. ჩვენი მხრიდან “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერა იქნებოდა სრული აბსურდი. ჩვენ მკაფიოდ ვაცნობიერებთ, რომ მათი გამარჯვება იქნება რევანში და უკან გადადგმული ნაბიჯი”.

მსგავსი თემები