“2012 წლიდან “ქართული ოცნების” გვერდით ვართ” – ვეტერანი ფეხბურთელები

ვეტერანი ფეხბურთელი ლევან ნოდია, მხარდაჭერას უცხადებს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს და აცხადებს, რომ 2012 წლიდან მოყოლებული პარტია “ქართული ოცნების” გვერდით არიან და დღესაც, საკუთარი სურვილით განაგრძობენ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს.

როგორც ლევან ნოდიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვეტერანი ფეხბურთელები კახა კალაძის ირგვლივ არიან გაერთიანებულნი და მათი მიზანია ქვეყანაში განვითარდეს სპორტი, ჯანსაღი ცხოვრების წესი პოპულარული იყოს, აშენდეს სპორტული ბაზები, რომლებიც “განადგურდა იმ 9 წლის განმავლობაში, როცა ხელისუფლებაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იყო”.

“მარტო თბილისის მიდამოებში 27 სტადიონი მოსპეს, ბავშვებს არ დაუტოვეს გასაქანი. ძალიან ნიჭიერი ხალხი ვართ ქართველები, ბევრი მსოფლიო ჩემპიონის აღზრდა შეგვიძლია, თუ მომავალ თაობებს სპორტით დავაინტერესებთ”, – განაცხადა ლევან ნოდიამ “მთავარში” .

​მისივე თქმით, სპორტი თუ განვითარდება საქართველოში, ქვეყანასაც ეშველება.

“2012 წელს, მანუჩარ მაჩაიძე და დანარჩენი ფეხბურთელები დავდიოდით რეგიონებში და აგიტაციას ვეწეოდით, რომ მოსულიყო ისეთი ძალა, რომელიც ქვეყანას ფეხზე დააყენებდა. ​ძალიან რთული იყო იმის ატანა, რასაც 9 წლის განმავლობაში ვუყურებდით, ეს იყო ბოროტება. გუშინაც ვიყავით აქციაზე. ხალხისთვის რომ მოგესმინათ რეებს ყვებოდნენ, ცრემლები წამოგივიდოდათ. ძალიან ბევრ ადამიანს ოჯახები გაუნადგურეს. არანაირი კონსულტაციები “ქართულ ოცნებაში” არ გვქონია, კახი კალაძის ირგვლივ ვართ გაერთიანებულები, ის ემსახურება ჯანსაღ საქმეს. დღეს გამოდიან და ამბობენ რა დროს ფეხბურთიაო. სპორტი თუ მაღალ დონეზე იქნება საქართველოში ჩვენს ქვეყანასაც ეშველება, ამის იმედი გვაქვს. რაც “ქართული ოცნება” მოვიდა, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. სტადიონები გაკეთდა, ბავშვთა აკადემიები აშენდა”, – აცხადებს ლევან ნოდია.

 

მსგავსი თემები