“სალომე ზურაბიშვილზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ, ჩემი ხმა ვერ წავა მის მხარეს” – სანდრო ბრეგაძე

საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარშის” ლიდერები თავიანთ მხარდამჭერებს, საპრეზიდენტო არჩევნების II ტურში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ არ მოუწოდებენ, თუმცა, აცხადებენ, რომ მათ სრული უფლება აქვთ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღონ.

​როგორც “მარშის” ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, პირადად ის ხმას არ აძლევს სალომე ზურაბიშვილს, რადგან მიაჩნია, რომ ის არ არის ის ადამიანი, რომელიც უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი და “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნების შიშით მას ხმას ვერ მისცემს.

მისივე თქმით, მეორე ტურში მონაწილეობასთან დაკავშირებით “ქართული მარშის” წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა, ამიტომ “მარშის” ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება მათ არ მოუწოდონ, რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერისკენ.

“ჩვენს მხარდამჭერებს სრულია თავისუფლება აქვთ არჩევანში, მაგრამ “ქართული მარში” სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არჩევნებში მხარს არ დაუჭერს გრიგოლ ვაშაძეს. ეს იქნებოდა სრული აბსურდი. “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან რევანში უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, ჩვენი ხმები ვაშაძესთან ვერ წავა. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას. ჩვენ ვაცხადებთ თავისუფალ არჩევანს “ქართული მარშის” წევრებს შორის. თუ კი ვინმეს სურვილი ექნება მხარი დაუჭიროს სალომე ზურაბიშვილს, ან ვინმე აპირებს ბოიკოტის გამოცხადებას, მათ ამის სრული უფლება ექნებათ. რაც შეეხება პირადად ჩემს პოზიციას, რომელიც განსხვავებული იყო ჩვენი გუნდის სხვა წევრების პოზიციისგან, მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას სალომე ზურაბიშვილზე, რადგან ვაცნობიერებ რამდენად მნიშვნელოვანია ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი. მე ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი არ გახლავთ ის ადამიანი რომელიც უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი”, – აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

როგორც ბრეგაძე განმარტავს, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა მისთვის მიუღებელია პიროვნული თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ მისი წარსული საქმიანობა, ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან დაპირისპირება, ასევე, ბოლოდროინდელი განცხადებები, რომელიც ანტიქართული ხასიათისაა, მას ამის საფუძველს აძლევს.

“ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას გზა ძალიან აცდენილია სალომე ზურაბიშვილის გზას. ის არის საკმაოდ არაადეკვატური ადამიანი. ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას მის ქმედებებზე. შეიძლება ჩვენი მხარდამჭერები განაწყენდნენ, მაგრამ უახლოესი დღეები გამოაჩენს ჩვენი პოზიციის სისწორეს”, – აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

 

მსგავსი თემები