წყალში უსაფრთხოების წესების დარღვევა 3 000 ლარით დაჯარიმდება 

საქართველოს პარლამენტი, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების განხილვას იწყებს, რომელიც საცურაო სეზონზე წყალში, ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. ცვლილების თანახმად სანქციები მკაცრდება და ჯარიმები წესდება.

საკანონმდებლო ცვლილება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მოამზადა, რომლის მიხედვით, წყალში ადამიანის სიცოცხლის დაცვა მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება და წესების დარღვევა 1 000 ლარიდან 3 000 ლარამდე დაჯარიმდება.

​როგორც კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, ინიციატივის მიზეზი, საცურაო სეზონზე უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო ადამიანის დაღუპვის მომატებული ფაქტები გახდა.

საჯარიმო სანქციები მათაც შეეხება, ვინც შესაბამის უწყებებს კონტროლის განხორციელებაში ხელს შეუშლის. თუ კონკრეტული დაწესებულების წარმომადგენელი უარს იტყვის შესამოწმებელ ობიექტზე დაშვებაზე, მას 1000 ლარით დააჯარიმებენ.

კანონპროექტი მთავრობამ პარლამენტში უკვე წარადგინა.

მსგავსი თემები