12 000-ით გაიზრდა მათი რიცხვი, ვისაც 3 და მეტი ავტომობილი ჰყავს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანის მოსაზრებით, 20 ნოემბრის მდგომარეობით მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა სულ 992 ათასს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლოს ეს რიცხვი მილიონს გადააჭარბებს.

როგორც ანალიტიკოსი ფეიბსუქის საკუთარ გვერდზე წერს,  თბილისში მოძრავი  ავტომობილების სტატისტიკით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც რამდენიმე დღის წინ საცობში მოჰყვა. როგორც აღმოაჩინა, 2012 წლის შემდეგ, მოსახლეობის საკუთრებაში არსებული ავტოპარკი  349 ათასი(!) მსუბუქი ავტომობილით გაიზარდა. ანუ, საშუალოდ, ყოველწლიურად მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა 8%-ით იზრდება.

189 000-ით გაიზარდა მათი რიცხვი ვისაც მხოლოდ ერთი ავტომობილი ჰყავს; 51 ათასით გაიზარდა მათი რიცხვი, ვისაც 2 ავტომობილი ჰყავს; 12 ათასით გაიზრდა მათი რიცხვი ვისაც 3 და მეტი ავტომობილი ჰყავს.

ანდრია გვიადიანის შეფასებით, მოსახლეობა წლიდან წლამდე უფრო აქტიურად ყიდულობს ავტომობილებს. შესაბამისად, ასხამს საწვავს, იყენებს ავტოსერვისს და, ზოგადად, ფულს ხარჯავს ავტომობილების ექსპლუატაციისთვის. ეს ნიშნავს, იმას, რომ მოსახლეობის ცხოვრების დონე იზრდება და უფრო მეტ მოქალაქეს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გარდა პირველადი მოხმარების პროდუქტებისა, ფული ფუფუნების საგნებზეც დახარჯოს – ამ შემთხვევაში ავტომობილებზე.”აუცილებელია მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდეს ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობების ტემპების დაჩქარებაზე როგორც ქალაქის, ისე, ზოგადად, ქვეყნის მასშტაბით. აუცილებელია ავტომობილების რაოდენობის არანორმალურ ზრდას ფეხი ავუწყოთ და, შესაბამისად, ჩვენი საგზაო ინფრასტრუქტურა მომზადებული დახვდეს საზოგადოებრივ საჭიროებებს. შესაბამისად, ბიუჯეტში არსებული ხარჯების ოპტიმიზაციის ფონზე, რესურსები უნდა გადაიქაჩოს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. სწორედ ინფრასტრუქტურული ხარჯები არის ყველაზე ეფექტიანი, როგორც ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარების თვალსაზრისით, ისე დასაქმების თუ სხვა მაჩვენებლების სწრაფად გაუმჯობესების კუთხით”, – წერს ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები