საქართველოში წითელას შემთხვევების მატებაა  

საქართველოში წითელას შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია. 2018 წლის 3 აპრილამდე წითელას 447 შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც „მთავარს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში განუცხადეს, წითელას ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარაშია – 249 ფაქტი. მეორე ადგილზეა თბილისი 92 შემთხვევით;  იმერეთი – 33  შემთხვევით; სამეგრელო  – 30; გურია – 14 და ასე შემდეგ. რაც შეეხება   შემთხვევების ასაკობრივ განაწილებას, მინიმალური ასაკი არის 0-დან 1 წლამდე, მაქსიმალური კი 40 წელი.

წითელა მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადება, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის აწევა, ინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსების ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი.
წითელას ვირუსი ორგანიზმის გარეთ მალე იღუპება, ამიტომ ჯანმრთელს ეს ინფექცია გადაეცემა მხოლოდ ავადმყოფისგან ჰაერწვეთოვანი გზით. ძირითადად ავადდებიან 1-დან 4 წლამდე ბავშვები. მისი მოხდის შემდეგ რჩება მყარი იმუნიტეტი. წითელას ფარული პერიოდი 8-10 დღე გრძელდება.
წითელას პირველი სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, მშრალი ხველა, სურდო, ქუთუთოების შეწითლება, მოთეთრო-მონაცისფრო წერტილები ლოყის შიგნითა ნაწილზე. დაახლოებით მე-3 მე-4 დღეს იწყება გამონაყარის გამოჩენა, ჯერ სახეზე და შემდეგ მთელ ტანზე. გამონაყარი მე-6 მე-7 დღეს ქრება, მაგრამ რჩება ლურჯი კვალი. ცოტა ხნის შემდეგ ტემპერატურა ქვემოთ იწევს.
მცირეწლოვან ასაკში წითელას შეიძლება დაერთოს ფილტვების, ყურის და სხვა ანთებები. ხოლო მოზარდებში შეიძლება ტვინის ანთებაც კი დაერთოს.
ჩვეულებრივ მკურნალობა სახლშივე ტარდება, მაგრამ დაავადების გართულების შემთხვევაში ავადმყოფი საავამდყოფოში გადაჰყავთ. წოლითი რეჟიმი, დიეტა ბოსტნეულისა და ხილის წვენი, ხაჭო, კეფირი, ასკილის ნაყენი, უნდა სვას დიდი რაოდენობით სითხე და ანტიბიოტიკები, ხოლო სხვა წამლები მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
​15-18 თვის ბავშვებს უტარდებათ წითელას საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრა ცოცხალი დასუსტებული ვირუსის შემცველი ვაქცინით.

მსგავსი თემები