კიდევ ერთი თბილისური სადარბაზოს უნიკალური მხატვრობა აღადგინეს (ფოტო) 

თბილისის მთაწმინდის რაიონში, თაბუკაშვილის ქუჩის N42-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, სადაც ადრეული მხატვრობის ფერწერული ფენები გამოვლინდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. კომპოზიციის დიდი ნაწილი, თვითნებური ჩარევის შედეგად, შეცვლილი და გადაკეთებული იყო, რის გამოც, სადარბაზოს პირვანდელი იერსახე დაკარგული ჰქონდა. ადრეული მხატვრობის ნიმუში, რაზეც წელიწადის დროებია გამოსახული, კონსერვატორ-რესტავრატორებმა პირვანდელი სახით აღადგინეს. რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ასევე, სადარბაზოს კარს, მოზაიკურ იატაკსა და ლითონის მოაჯირებს.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” მთაწმინდის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, 1889 წელს აგებული შენობა, XIX საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. ინტერიერის მოხატულობა კი, იმდროინდელი თბილისური სადარბაზოებისთვის დამახასიათებელი მხატვრობის უნიკალური ნიმუშია.

მათივე ინფორმაციით, სადარბაზოს რეაბილიტაცია „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განახორციელა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 119 ათასი ლარი დაიხარჯა.



მსგავსი თემები