მეტი დამკვირვებელი II ტურზე – კახა კალაძე საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს 

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანი კახა კალაძე, ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიმართავს, რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი გამოგზავნონ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე  დამკვირვებლად, რათა დადასტურდეს ის, თუ როგორი მაღალი სტანდარტით წარიმართება საარჩევნო პროცესი საქართველოში.

როგორც კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს ისტორიაში პირველად ტარდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რაც ქვეყანაში 2012 წლიდან დამკვიდრებულ მაღალ დემოკრატიულ და საარჩევნო სტანდარტს უსვამს ხაზს. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე, მოწვეული იყო ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაცია – ყველა მათგანმა პოზიტიური შეფასება წარმოადგინა. პირველ რიგში ხელისუფლების, მმართველი პოლიტიკური გუნდის ინტერესებშია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით წარმართვა და ჩატარება.

კახა კალაძე ბრიუსელში, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით გამართულ  ვიზიტსაც გამოეხმაურა და მას წარმატებული უწოდა. მისი შეფასებით, ეს ვიზიტი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულებაა, სადაც მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ საქართველოში წინასაარჩევნო გარემო არის სამართლიანი, კონკურენტული და რაც მთავარია მშვიდობიანი.

“სწორედ ჩვენი ხელისუფლება არის გარანტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიც და ზოგადად ყველა არჩევნები ამ ქვეყანაში, წარიმართება მაქსიმალურად თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში არარეალისტური განცხადებები ვრცელდება წინასაარჩევნო პროცესთან დაკავშირებით. ყველას მოვუწოდებთ, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ სადამკვირვებლო პროცესს და დაუსაბუთებელი ბრალდებების ნაცვლად, ფაქტობრივ მასალაზე დაფუძნებული ინფორმაციები წარმოადგინონ და ითანამშრომლონ გამოძიებასთან, რათა არავითარი კითხვის ნიშნები არ დარჩეს არც გავრცელებულ ინფორმაციასთან და არც ამ ინფორმაციის გავრცელების მიზანთან დაკავშირებით”, – აცხადებს კახა კალაძე.

იგი მიმართავს შესაბამის უწყებებს, ნებისმიერ ინფორმაციაზე რაიმე ტიპის დარღვევასთან დაკავშირებით, უსწრაფესი რეაგირება მოახდინონ, რათა არავინ შეეცადოს წინასაარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

ასევე, მოუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადეკვატური, ობიექტურად შეაფასონ მისცენ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, სააკაშვილის მხრიდან რევოლუციის მუქარას, რომ ახალ წლამდე შეცვლის ხელისუფლებას.

“ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ხელისუფლება არავის მისცემს საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის, დესტაბილიზაციის და ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განვითარების საშუალებას და ნებისმიერ ასეთ მცდელობაზე, კანონის ფარგლებში უმკაცრესი რეაქცია იქნება. დარწმუნებულები ვართ, რომ არჩევნები კვლავაც უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარდება და ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი, ქართველი ხალხის თანადგომით აუცილებლად გაიმარჯვებს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები