“ნაციონალური მოძრაობის” დროს ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტოგრაფები გაამართლეს

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, წარსულში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფები უდანაშაულოდ სცნო. 2011 წელს დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული ფოტორეპორტიორების, ნათია და ირაკლი გედენიძეების, ზურაბ ქურციკიძისა და გიორგი აბდალაძის საქმეზე პროკურატურა გამამტყუნებელი განაჩენის გამამართლებელი განაჩენით შეცვლას ითხოვდა.

სასამართლო პროცესს დღეს, პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც დაესწრო.

„პირველ რიგში, სოლიდარობა ელემენტარული ადამიანური გრძნობაა, ის აუცილებელია საზოგადოებაში, მის გარეშე ის ვერ შედგება. დღეს ამ ქვეყანას სამართლიანობის აღდგენა ყველაზე მეტად სჭირდება, იმისთვის, რომ განვითარდეთ და მშვიდობა დავიბრუნოთ. დღეს სიმბოლური დღეა, დღეს წყდება წარსულთან იმ ფურცლის გადაშლა და დამთავრება. აქ უნდა იდგეს საქართველოს ნებისმიერი მომავალი პრეზიდენტი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც ჯაშუშობაში დადანაშაულებული ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე აცხადებს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის მისვლას მისთვის მოულოდენლი იყო. პრეზიდენტობის მეორე კანდიდატს რაც შეეხება, აბდალაძის თქმით, გრიგოლ ვაშაძე საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, როცა მისი და მისი კოლეგები დაიჭირეს.

„მან კარგად იცის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან არც ერთი დოკუმენტი არ წამიღია, ყველა თანამშრომელი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო, ამასთან დაკავშირებით საქმის კურსშია. ის დღეს უარყოფს, რომ მიცნობს. იმის კაცობა და ვაჟკაცობა არ ეყო, ეღიარებინა, რომ ჩემს წინაშე დანაშაული აქვს ჩადენილი. უდანაშაულო ადამიანი ჩამსვეს ციხეში, მაწამეს და მაიძულეს, მეღიარებინა ის სისულელე. სასამართლომ უნდა გამოიტანოს სამართლიანი განაჩენი”, – განაცხადა გიორგი აბდალაძემ.

​აღსანიშნავია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროდ დაწყებული ე.წ. ფოტოგრაფების საქმე პროკურატურამ 2016 წელს გახსნა.

მსგავსი თემები