შობის დღესასწაულზე “ალილო” განსხვავებული სახით ჩატარდება – საპატრიარქოს განცხადება

შობის დღესასწაულზე “ალილო” განსხვავებული სახით ჩატარდება – აღნიშნულზე ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2000 წლიდან ქრისტეშობის დღესასწაულზე თბილისსა და მთელ საქართველოში ტრადიციული საზეიმო მსვლელობა – “ალილო” ეწყობა.

ეს დღესასწაული წელსაც ჩატარდება, თუმცა ხალხის მსვლელობის გარეშე და პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით. კერძოდ სამღვდელოება მოსახლეობას დალოცავს მანქანებიდან ნაკურთხი წყლის სხურებით და კმევითა და გალობით მიულოცავს შობას.

მანქანებით მსვლელობა დაიწყება 7 იანვარს 14 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, რომელიც დასრულდება სამების საკათედრო ტაძარში 16 საათზე ქრისტესშობის სამადლობელი პარაკლისით.

ასევე ტრადიციისამებრ შეგროვდება საჩუქრები, ტანსაცმელი, სათამაშოები და ნუგბარი, რომელიც ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დარიგდება.

მსურველებს შემოწირულებისა მოტანა შეეძლებათ 7 იანვარს, 12 საათიდან 16 საათამდე რესპუბლიკის მოედანზე და ყოვლადწმინდა სამების ტაძარში არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში.

ახალ 2022 წელს შობის დღესასწაულზე საჩუქრები და სიხარული პირველ რიგში მივუტანოთ იმ ადამიანებს, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა,” – წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები