ოპოზიცია ემზადება მესამე ტურისთვის ქუჩაში, გაყალბებები ჩემგან ძალიან შორსაა – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ოპოზიცია განიხილავს დესტაბილიზაციის სცენარს და ემზადება მესამე ტურისთვის ქუჩაში.

“ოპოზიცია განიხილავს დესტაბილიზაციის სცენარს, ეს არავისთვისაა საიდუმლო. ოპოზიცია ემზადება მესამე ტურისთვის ქუჩაში. მგონია, რომ ეს არაა ის, რაც ამ ქვეყანას სჭირდება. ამ ქვეყანას სჭირდება არჩევნების შემდეგ სტაბილურობა და მე ამისთვის მოვდივარ. ვისაც დესტაბილიზაცია სურს, იმას არ აქვს ამ ქვეყანაში მომავალი“, – განაცხადა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად.

მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ მისი მოსაზრებით სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ პირადობის მოწმობების შესაძლო გაყალბების საქმეზე, რომელსაც მთავარი პროკურატურა იძიებს.

„გამოძიება მიმდინარეობს ამ თემაზე. ვნახოთ, რას იტყვიან. ჩემგან ძალიან შორსაა არჩევნების გაყალბება, რადგან ამას არანაირი კავშირი არ აქვს ევროპასთან, არც დასავლეთთან და არც იმ მომავალთან, რომელიც საქართველოს ექნება. მე არ ვფიქრობ, რომ არასამთავრობოების ნათქვამი უნდა დავიჯერო ან არ უნდა დავიჯერო. ვამბობ, რომ გაყალბება ჩემგან ძალიან შორსაა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის ქალი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი “ტექნოპარკში” დღეს, სტუმდენტებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა.

მსგავსი თემები