„ერთი კვირის წინ წამების მსხვერპლი იყო, მერე ცუდად იყო, ახლა ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობს“ – იოსელიანი სააკაშვილზე

საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან იოსელიანი პატიმრობაში მყოფ  მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ვერაფერი გაუგია. „ძალიან არასერიოზული და არათანმიმდევრულია, როცა ვიგებთ, რომ ადამიანი ერთი კვირის წინ წამების მსხვერპლი იყო, მერე იყო ცუდად, ხოლო ახლა ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობს“ – აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჟურნალისტებთან.

მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში რომ იყოს მიხვდებოდნენ, რომ ქვეყანაში მთავარი მარტო მათი პოლიტიკური დღის წესრიგი არ არის და უამრავი სხვა პრობლემა არსებობს.

„ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობა” ოპოზიციონერი კოლეგების მიმართ კარგად არ იქცევა. ყოველთვის ფაქტის წინაშე გვაყენებენ და ეს ფაქტი ყოველთვის მათი პარტიული ინტერესია და სხვა არაფერი. ეს იმ პირობებში, როცა თავად პარლამენტში არ არიან. ვისურვებდი, რომ ჯერ შემოვიდნენ და კონსულტაციები დაგვეწყო – ამის შემდეგ შეიძლება რაღაცაზე შევთანხმდეთ ან ვერ შევთანხმდეთ. ჩვენ პარლამენტის საგამოძიებო კომისიას მხარს არ დავუჭერთ არა იმიტომ, რომ ვიღაცებისთვის სამაგიეროს გადახდა გვინდა, უბრალოდ. სწორად არ მიგვაჩნია, მხარი საგამოძიებო კომისიას მიხეილ სააკაშვილის საკითხზე დავუჭიროთ“ –  განაცხადა ლევან იოსელიანმა.

 

მსგავსი თემები