მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეას თბილისი პირველად უმასპინძლებს ​ 

მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეა 2019 წლის ივლისში, პირველად ჩატარდება საქართველოს დედაქალაქ თბილისში. ღონისძიების მასპინძლობის უფლებას ქართული მხარე 5 წლის განმავლობაში ითხოვდა.  საქართველოში 25-მდე ქვეყნის დელეგაცია ჩამოვა.

როგორც ​საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა დღეს „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს მოვლენა ერთი ორად გაზრდის რელიგიური ტურიზმის პერსპექტივას, რომელიც ოჯახებისთვის დამატებითი შემოსავალის წყაროა.

„გუშინ დავბრუნდი კაიროდან და მინდა გამცნოთ, რომ 2019 წელს საქართველოში მართლმადიდებელი ქვეყნების ანსამბლეის ჩატარება გადაწყდა. როგორც სპორტული სამყარო იბრძვის იმისთვის რომ, ქვეყანა გახდეს ოლიმპიური მოვლენის მასპინძელი, ასევე, ყველა ქრისტიანი ქვეყანა იბრძვის იმისთვის, რომ მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ანსამბლეის მასპინძელი იყოს მისი სამშობლო. შესაბამისად ჩვენ 5 წელი ვითხოვდით უფლებას და საბოლოოდ კაიროში დადასტურდა საერთაშორისო სამდივნო სხდომაზე, რომ მართლმადიდებელი ქვეყნების გენერალური ასამბლეა საქართველოს დედაქალაქ თბილისში პირველად ჩატარდება”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ორგანიზაცია პოლიტიკური ორგანიზაციაა, მასში გაერთიანებულნი არიან კათოლიკეები, გრიგორიანელები და სხვა ქრისტიანული მიმართულებები.

ზაქარია ქუცნაშვილმა პრესკონფერენციაზე წარმოადგინა მოქმედი საკულტო ნაგებობების რუქა, რომელიც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ მოამზადა.

„მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოში პირველად მოქმედი საკულტო ნაგებობების რუქა, რომელიც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ მოამზადა და მინდა მადლობა გადავუხადო ამისთვის. ჩემი ინიციატივაა, რომ ეს რუქა ყველა სკოლაში შევიტანოთ, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რომელი საკულტო ნაგებობა სად მდებარეობს. ეს გვაძლევს ახალ პლათფორმას და ახალ საშუალებას, იმისთვის, რომ ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემებზე ვიმსჯელოთ, მათ შორის რელიგიურ ასპექტში“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მისივე თქმით, მსოფლიოში 30-მდე რელიგია არსებობს, რომელთაგან ვერავინ შეძლო ასამბლეის მოწყობა ქრისტიანების და მუსულმანების გარდა.

“ამ ორმა რელიგიამ შევძელით მსოფლიოში გაგვეერთიანებინა საპარლამენტო დელეგაციები. ჩვენ ვცდილობთ ვითანამშრომლოთ მუსულმანურ საპარლამენტო დელეგაციებთან, მაგრამ მათი სულიერი ლიდერები გაურბიან ჩვენთან ურთიერთობას. შემთხვევითი არ არის, რომ სტამბულში, ისტორიულ კონსტანტინოპოლში ზის მსოფლიო პატრიარქი”, – აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

 

 

მსგავსი თემები