გვბოლავენ, გვწამლავენ, გარდაცვალებაც მაღალია – საქართველოში 600 000 გაუმართავი და საშიში ავტომანქანა მოძრაობს (ჟურნალისტური გამოძიება)

საქართველოში, კერძოდ კი შატილში მომხდარი ტრაგედია ყველას ახსოვს. ტურისტული კომპანია „თრეველერის“ მიკროავტობუსს, რომელსაც ტურისტულ ზონაში 20 მგზავრი გადაჰყავდა, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადაიჩეხა. 17 მგზავრი (მათ შორის, გიდი და მძღოლი) ადგილზე გარდაიცვალა, 3-ის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმე იყო.

ტურისტული კომპანიის დირექტორს შალვა ბოლოთაშვილს სამი წლით პატიმრობა შეუფარდეს, ხოლო მიკროავტობუსის მფლობელ გოჩა გოგილაშვილს – შვიდი წლით პატიმრობა.

უბედური შემთხვევის მიზეზი აღმოჩნდა ის, რომ ავტომანქანას არ ჰქონდა გავლილი ტექდათვალიერება და ის გამართული არ იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ მას სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება გავლილი არ ჰქონდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიკროავტობუსის წინა სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გაუმართავი იყო. მიკროავტობუსში კუსტარულად დამზადებული სავარძლებიც იყო ჩამონტაჟებული, რომ მეტი მგზავრის გადაყვანა ყოფილიყო შესაძლებელი.  ასევე, მგზავრთა უსაფრთხოების ღვედები კუსტარულად, მავთულების გამოყენებით იყო დამონტაჟებული. ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნული დარღვევების გამო ავტომობილი ტექდათვალიერების მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა და მგზავრთა გადაყვანისთვის მისი გამოყენება დაუშვებელი იყო.

ის, რომ აღნიშნულმა ტრაგედიამ უკეთესობისკენ ვერაფერი შეცვალა, „მედიაცნეტრი მთავარის“ ჟურნალისტურ გამოძიებაში შეიტყობთ.

სიკვდილიანობის განახევრების ნაცვლად, ზრდა მივიღეთ

 

„მართალია, ჯიბეში ფულის პირდაპირ ჩატენვა არ ხდება, თუმცა, ტექინსპექტირებასთან დაკავშირებით, კორუფციის სხვა ნიშნები და ფაქტები არსებობს“ – ასეთია ექსპერტების შეფასება, რომლებიც საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით აქტიურად მუშაობენ.

საქართველომ ვალდებულება აიღო, რომ ქვეყანაში ტექნიკური ინსპექტირების რეფორმას განახორციელებდა და ეს სფერო ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2014/45/EU დირექტივასთან შესაბამისობაში მოვიდოდა. შესაბამისად, 2018 წლის 1 იანვრიდან  საქართველოში ავტომანქანების ტექდათვალიერება სავალდებულო გახდა. აღნიშნულის მთავარი მიზეზი ის იყო რომ თითქმის ყოველი მესამე ავტომანქანა ტექნიკურად გაუმართავი იყო, თეთრი თუ შავი ბოლით ბოლავდა, გარემოს და ჰაერს  აბინძურებდა და სიმსივნის თუ სიმსივნით გარდაცვალების მაჩვენებელი კატასტროფულად გაიზარდა, მათ შორის, ახალგაზრდებშიც; მაღალი იყო ავტოსაგზაო შემთხვევებიც.

მართალია, ტექნიკური ინსპექტირება ამოქმედდა, თუმცა, კორუფციისა და თაღლითობის წყალობით პრობლემა ვერ აღმოიფხვრა. კერძოდ, თუ ერთ ინსპექტირების ცენტრში ავტომანქანას „დაბრაკავენ“ და ინსპექტირებას არ გაატარებენ, რა პრობლემაა, მიდის მეორე ცენტრში, სადაც ინსპექტირებას უპრობლემოდ გადის. ან, სულაც ითხოვებს მანქანის იმ ნაწილს, რომლის გამოც „დაბრაკეს“, გაივლის ინსპექტირებას და ნაწილსაც პატრონს დაუბრუნებს. კითხვა რატომ გვბოლავენ და გვწამლავენ ავტომანქანები ისევე აქტუალურია.

ვალდებულების მიხედვით, რომელიც ქვეყანამ აიღო,  პირველ რიგში, ქვეყანაში უნდა შემცირებულიყო ავტოსაგზაო შემთხვევები (ავარიები) და შესაბამისად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებში გარდაცვლილთა რაოდენობა უნდა განახევრებულიყო; შექმნილიყო საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია; შექმნილიყო საგზაო უსაფრთხოებაზე ორიენტირებული სამსახური; ამოქმედებულიყო ტექნიკური ინსპექტირება და მთლიანობაში გატარებულიყო დიდი რეფორმა.

„საგზაო უსაფრთხოებაში უნდა განხორციელდეს გრძელვადიანი და მდგრადი ინვესტიციები მთელ რიგ სექტორებში: მართვაში, ინსტიტუციებში, ინფრასტრუქტურაში, საავტომობილო პარკში, ლიცენზირების სტანდარტებში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ქცევის წესებსა და ჯანდაცვის სისტემაში“ – ვკითხულობთ ევროკომისიის წინადადებებში.

ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივის (2014/45/EU) პირველივე პარაგრაფში ნათლად იკითხება მთავარი მიზანი: „ნულოვანი ხილვადობის“ მიღწევა, რომლის მეშვეობითაც ევროკავშირი კიდევ უფრო მიუახლოვდება საგზაო ტრანსპორტში ნულოვანი სიკვდილიანობის მაჩვენებელს 2050 წლისთვის. აღნიშნული მიზნის მიღწევის თვალსაზრისით, მოსალოდნელია, რომ სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული ტექნოლოგიები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესება“…

2018 წლის მონაცემებით საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვი 41 118-ს აღწევდა. საქართველოს გზებზე გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვმა კი 459 შეადგინა. თუ მონაცემებს 100 000 ადამიანზე დავთვლით, საქართველოს გზებზე დაღუპულთა რიცხვი თითქმის 4-ჯერ აღემატება შვედეთში გარდაცვლილთა რაოდენობას. ხოლო 2019 წელს საქართველოს მონაცემები 6-ჯერ აღემატებოდა შვედეთისას. 2020 წლის მხოლოდ პირველ კვარტალში აღირიცხა 9 976 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა.

მსოფლიო ბანკის ექსპერტმა საქართველოსთვის „საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და  სამოქმედო გეგმაც“ შეიმუშავეს.

როგორც „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“  მიერ მომზადებულ კვლევაში ვკითხულობთ: „მთავარი რეკომენდაციაა საგზაო უსაფრთხოებაზე ორიენტირებული სამსახურის შექმნა, რადგანაც არც მაშინ და არც ახლა არ არსებობს მოძრაობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურა. თუმცა, შესაბამისმა სამინისტროებმა პროგრამის რეალურ ცხოვრებაში გატარებაზე უარი განაცხადეს, თანაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. შესაბამისად არ დაინერგა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სტანდარტები და დოკუმენტი გაურკვეველი ვადით შემოიდო თაროზე“.

„დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ ვერ შეასრულა ევროდირექტივის ერთ-ერთი მთავარი მიზანი 2020 წლისთვის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებში გარდაცვლილთა რაოდენობის განახევრების თაობაზე, რომლის ათვლაც დაიწყო 2010 წლიდან. მიზნის მისაღწევად არ დანერგილა ევროკომისიის მიერ დასახული შვიდი სტრატეგიული მიმართულება“ – ვკითხულობთ არასამთავრობო სექტორის მიერ მომზადებულ დასკვნაში.

უფრო მეტიც, როგორც ექსპერტები „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებენ,  სიკვდილიანობის განახევრების ნაცვლად, ზრდა მივიღეთ.

„ევრო დირექტივის რეკომენდაციის მიხედვით, მიმდინარე წელს ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაღუპულთა რაოდენობა უნდა განახევრებულიყო, ამის ნაცვლად კი მივიღეთ 20% – იანი ზრდა“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარს“ „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, დავით მესხიშვილმა განუცხადა.

მესხიშვილის ინფორმაციით ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ ჩატარდა კვლევა, სადაც გამოვლინდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევათა შემცირების მიზნით საქართველოში არაფერი გაკეთებულა, როგორც მესხიშვილი განმარტავს, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში ევროპის ქვეყნებთან შედარებით 6 – ჯერ მეტია:

დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა 20 % – ით, ეს არის ევროპის ქვეყნებზე 6 – ჯერ მეტი, ევრო დირექტივებით იყო რეკომენდაცია, რომ მიმდინარე წელს უნდა განახევრებულიყო სავალალო შედეგები, ნაცვლად ამის გაგვეზარდა 20% – ით“.

მისივე ინფორმაციით ევროდირექტივების გარკვეული მოთხოვნების საქართველოში მთლიანად უგულვებელყოფილია. სპეციალისტი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ დირექტივებთან საქართველო შესაბამისობაში ვერც ერთთან ვერ მოვიდა:

„ჩატარდა კვლევა, რამდენად შესაბამისობაშია ევრო დირექტივების სტანდარტებთან საქართველოს მაჩვენებელი, აქედან დავინახეთ, რომ ევრო დირექტივები, სამწუხაროდ ტრასნპორტის სექტორში არის შეჩერებული, რაც არის ძალიან საგანგაშო სიგნალი, ჩვენ ევროინტეგრაციის პროცესში გვექნება საკმაოდ შემაფერხებელი ნაბიჯები. მთავარი, ძირითადი მიზეზი არის აცდენა ევროდირექტივებთან, მათ აქვთ რეკომენდაციები, საგზაო ცნობიერების ამაღლება – ესაა პირველი, რაც ჩვენთან უდრის ნულს, ასევე კანონის აღსრულება გზებზე, რაც დამოკიდებულია თანამდებობის პირთა კეთილ ნებაზე. ასევე უსაფრთხო საგზაო ინფრასტრუქტურა, რაც ნიშნავს იმას, რომ მთიდან არ უნდა ცვიოდეს სატრანსპორტო საშუალება, უნდა იყოს დაცული საგზაო ჯებირებით გზები. პრობლემაა აგრეთვე უსაფრთხო ავტომობილები, ჩვენს შემთხვევაში ეს გადის ტექინსპეტირების ნაწილზე, აქ კი ვიცით რომ მანიპულაციების გზით ხდება ინსპექტირების გავლა. ბოლო პუნქტი არის დაუცველ საგზაო მონაწილეთა დაცვა ეს შეიძლება იყო ველოსიპედისტი ეტლით მოსარგებლე და აშ, რაც ასევე არ სრულდება, „ – განცხადა მესხიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან.“

თაღლთობა, კორუფცია და ტექდათვალიერება ნათხოვარი ნაწილებით

 

„ინსპექტირების გავლა ხდებოდა ნათხოვარი, ნაქირავები ნაწილებით. შემდეგ, ამ ავტონაწილებს უკან აბრუნებდნენ და შემდეგ ტრანსპორტი უბრუნდებოდა საწყის მდგომარეობას და კვლავ გაუმართავი იყო. ამის ერთადერთი წამალი არის გზაზე კანონის აღსრულება. შატილის ტრაგედიაც უნდა გავიხსენოთ, რომელიც უკავშირდება ტექნიკურ გაუმართაობას – ტრანსპორტს არ ჰქონდა გავლილი ინსპექტირება და ალბათ, იცოდნენ, რომ დახარვეზდებოდა, ასევე გადაკეთებული იყო კუსტარულად. ასე რომ ტექინსპექტირება არის სერიოზული პროცესი და ამაზე ბევრი ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული“ – აცხადებს დავით მესხიშვილი „მედიაცენტრ მთავართან“.

თაღლითური ტექდათვალიერების სქემა კი შემდეგია: ავტომანქანის მფლობელი მიდის ტექინსპექტირების ცენტრში. თუ მისი ავტომანქანა „დაბრაკეს“ და ტექდათვალიერებაზე უარი უთხრეს, არაკეთილსინდისიერი მძღოლი ნაცნობისგან თხოულობს იმ კონკრეტულ დეტალს, რის გამოც ავტომანქანამ ტექდათვალიერება ვერ გაიარა, ბრუნდება ცენტრში, გადის ინსპექტირებას, იღებს საბუთს, რომ მანქანა ვარგისია, შემდეგ ხსნის ამ დეტალს, უბრუნებს პატრონს და აგრძელებს მოძრაობას ავარიული მანქანით.

მეორე ვარიანტი კი შემდეგია, სერვის-ცენტრში დახარვეზებული თუ “დაბრაკული” ავტომანქანა (ხარვეზის გამოსასწორებლად მას ერთთვიანი ვადა აქვს და ამ შემთხვევაში თანხის ხელმეორედ გადახდა არ უწევს) ხარვეზს არ ასწორებს და უკან არ ბრუნდება. სანაცვლოდ, მიდის იმ ცენტრში, სადაც ავტომანქანის გამართულობის საბუთს გარკვეული თანხის გადახდის, კორუფციის შედეგად იღებს. ეს რომ ასეა, შესაბამისი უწყებაშიც ადასტურებენ, რომლებმაც არაერთი ადამიანი დააკავეს.

გელა კვაშილავა, “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დამფუძნებელი: „მთავარ გამოწვევად რჩება ის, რომ ერთიანი საინფორმაციო სისტემა არ არსებობს.  როდესაც ავტომობილი მიდის ერთ ცენტრში და ვერ გადის ინსპექტირებას, მეორე უნდა ხედავდეს. ტექნიკური ინსპექტირება არ  გულისხმობს მხოლოდ ცენტრებში შემოწმებას, გულისხმობს გზაზე შემოწმებას და კონტროლს. ყველა ქვეყანაში არსებობს პატარა მობილური ჯგუფი, რომელიც გზაზე ახორციელებს ამ ყველაფრის კონტროლს. თუ ავტომობილმა გაიარა ცენტრში გარკვეული მანიპულაციებით შემოწმება, ეს რომ გამოირიცხოს უნდა იყოს გარკვეული სამსახური. რეფორმის დაწყება ძალიან კარგია, მაგრამ რა გამოწვევებიც არის, ისინი თუ არ გამოსწორდა, რეფორმა ვერ იფუნქციონირებს და ჩავარდება.“

კორუფციის ნიშნებზე „მედიაცენტრ მთავართან“ „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელიც საუბრობს.

როგორც დავით მესხიშვილი ამბობს,  ტექინსპექტირების პროცესში დარღვევები საკმაოდ ბევრია და იკვეთება კორუფციის ნიშნებიც: „ერთ ცენტრში დახარვეზებული მანქანა ტექდათავლიერებას მეორეში ტექნიკური ხარვეზის გარეშე გადის. ეს ხდება ნახევარ საათიან შუალედში. თუ ავტომანქანა ერთ ცენტრში დახარვეზდა, შეუძლებელია, მას ამ დროში ხარვეზი გამოესწორებინა და მეორე ცენტრში ტექდათვალიერება უპრობლემოდ გაევლო.“

„მედიაცენტრი მთავარის“ კითხვას, ხომ არ გამოიკვეთა კორუფციის ნიშნები, მესხიშვილმა ასე უპასუხა: „ამ მიმართულებით კორუფციის ნიშნები იკვეთება. სწორედ მსგავსი ათასობით შემთხვევა იწვევს კორუფციული გარიგებების რისკებს. მართალია, ქრთამის მიცემის შემთხვევები და ფულის ჯიბეში ჩაკუჭვა არ გვაქვს, თუმცა, კორუფციის ეჭვები ნათელია“.

რაც შეეხება ავტონაწილების  თხოვნას თუ დაქირავებას, დავით მესხიშვილის ინფორმაციით სახელმწიფო სტრუქტურებს არ აქვთ არანაირი მექანიზმი ებრძოლონ ისეთ მანიპულაციებს, როგორიცაა „კატალიზატორის“ დაქირავების დროს ერთი თვით ადრე კარგი საწვავით სარგებლობა, შემდეგ კი ისევ უხარისხო საწვავზე გადასვლა.

„მომხმარებლები ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების წინ მიმართავენ მანიპულაციებს, კერძოდ, „კატალიზატორის“ დაქირავება, ე.წ. „დონორი“ ავტოსატრანსპორტო საშუალების არსებობა, რომლის ნაწილებითაც სარგებლობენ ინსპექტირების დროს, ინსპექტირებამდე ერთი თვით ადრე კარგი ხარისხის საწვავით სარგებლობა, ხოლო ინსპექტირების შემდეგ კვლავ უხარისხო საწვავის გამოყენება. დიზელისძრავიან ავტოტრანსპორტში ინსპექტირებისთვის ბენზინის საწვავის დამატება შეფერილი კვამლიანობის გაქრობის მიზნით და სხვა მრავალი, მაშინ, როდესაც ევროდირექტივის მთავარი მიზანია ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შენარჩუნება გზებზე, სახელმწიფო სტრუქტურებს არ აქვთ არანაირი მექანიზმი ებრძოლონ ამდაგვარ მანიპულაციებს“ – გვითხრა მესხიშვილმა.

დავით მესხიშვილის თქმით, ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ავტომანქანების მფლობელები ტექდათვალიერებისთვის მანქანების ნაწილებს თხოულობენ:​ “ასე გაიარეს ყვითელმა ავტობუსებმა ინსპექტირება ჩვენი ინფორმაციით, როდესაც გარაჟში ხდებოდა ერთი ავტობუსის აწყობა და ინსპექტირების შემდეგ ავტონაწილების უკან დაბრუნება.”

ის კორუფციულ ფაქტებზე პასუხისმგებლობას ეკონომიკის სამინისტროს აკისრებს:

„ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენციაშია ინსპექტირების სისტემის მონიტორინგი, აგრეთვე დარღვევებზე რეაგირება, თუმცა მთავარი პრობლემა “არაერთგვაროვანი ინსპექტირების” სახით ჯერ კიდევ გადაუჭრელია. ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის, მთავარი მიზანი გამონაბოლქვისა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შემცირება იყო, საბოლოოდ კი ამას, შედეგად ბევრი ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა თუ სიცოცხლის გადარჩენა უნდა მოჰყოლოდა. შეგახსენებთ, რომ ინსპექტირების პროექტის განხორციელების და ჰაერის გაჯანსაღების ვალდებულება, აღებული გვაქვს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებითაც და ამასთან ერთად შეუსრულებელია არაერთი ევრო-დირექტივაც ტრანსპორტის სექტორში. სამწუხაროა, რომ რისკი იმისა, რეფორმა დარჩეს ფურცელზე რეალურად გატარებული ღონისძიებების გარეშე, მაღალია. ევრიდირექტივის არდანერგვისა და შესაბამისად რეფორმის ჩაგდების შემთხვევაში პასუხისმგებლობა პოლიტიკის ნაწილში ეკონომიკის სამინისტროს ეკისრება, ხოლო გზებზე კანონის აღსრულების ნაწილში შსს-ს. ერთიანი მენეჯმენტის არარსებობა, უწყებებს შორის არაკორდინირებული მოქმედება, სფეროში წარმოქმნილ პრობლემებზე არ რეაგირება დროულად, დარგის ექსპერტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების არ შესრულება, საერთაშორისო პრაქტიკის არგაზიარება მთლიანად ანგრევს უმნიშვნელოვანესი პროექტის არსს.”

ტექდათვალიერების გასავლელად ავტონაწილების თხოვებაზე საუბრობს „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილიც. როგორც მან „მედიცენტრ მთავართან“ განაცხადა, სატრანსპორტო რეფორმამ გამოცდა ვერ ჩააბარა.

„მინდა კატეგორიულად ვთქვა, რომ რეფორმამ, გამონაბოლქვის შემცირების მიმართულებით, გამოცდა ვერ ჩააბარა. მძღოლები, ფართოდ გავრცელებული ერთჯერადი მანიპულაციებით, ახერხებენ, გაიარონ ტექნიკური ინსპექტირება და ტესტიც ჩააბარონ, მაგრამ შემდეგ კვლავ რჩებიან დამაბინძურებლად. განსაკუთრებით, მიკროავტობუსები არის ამის ცუდი მაგალითი“ – აცხადებს ეკა ლალიაშვილი.

მისი თქმით, აღსრულება რომ ადეკვატური იყოს, ამდენი დახარვეზებული მანქანა ქალაქში ვერ ივლიდა.

“იმედგაცურება შეინიშნება მოსახლეობაში, რადგან, ბევრი სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც გადაადგილდება და გამონაბოლქვით აბინძურებს ჰაერს, თუმცა შსს-ს ამაზე რეაგირება არ აქვს. ეს ყურადსაღები უნდა იყოს ხელისუფლებისთვის, რადგან, როდესაც ტრანსპორტს აქვს მუქი ფერის გამონაბოლქვი ის უნდა ჯარიმდებოდეს. მიმდინარე წელს, მხოლოდ ერთი პირია დაჯარიმებული ამ დარღვევით, რაც გარკვეულ ჩავარდნაზე მიუთითებს აღსრულების ნაწილში. პოლიცია უნდა იყოს უფრო აქტიური. დროულად უნდა გადადგას შსს-მ ამ მიმართულებით ნაბიჯი, რადგან, კანონი ფუნქცია დაკარგულია თუ აღსრულება არ ხდება,” – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა “მედიაცენტრ მთავართან.”

ანალოგიურ პრობლემაზე „მედიაცენტრ მთავართან“ ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილიც საუბრობს.

მისი ინფორმაციით, დღეს, ქვეყანაში 600 000 ავტომობილს სტატუსი არის გაუმართავი.

საქართველოში რეგისტრირებული ავტომანქანების დაახლოებით 57% ცხადდება ინსპექტირებაზე. ციფრებში კი ეს ყველაფერი ასე გამოიყურება: მთლიანობაში, ქვეყანაში რეგისტრირებული 1 300 000 ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, რომელიც რეგისტრირებულია და აქტიური სტატუსი აქვს, წლის ბოლოს, 715 000 ერთეული გადის ინსპექტირებას. ეს არის რეგისტრირებულის მხოლოდ და მხოლოდ 57%. დანარჩენი 43%, რომელიც 600 000-ია, ორი ვარიანტია – ერთი: არ მოძრაობს, რაც ნაკლებ სავარაუდოა და მეორე: მოძრაობს, თუმცა, არ ხდება ადმინისტრირება და ჩვეულებრივ მოძრაობენ გზებზე. ამ 57%-დან კი  30% ხარვეზდება, რაც დაახლოებით 200 000 ერთეულია. ინსპექტირება სავალდებულოა, მაგრამ ისინი არ მიდიან“ – განუცხადა იორდანიშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი თვის განმავლობაში „დაბრაკული“ ავტომანქანებისთვის ხელახალი ინსპექტირება უფასოა, ისინი ამ უფასო ცენტრებში არ მიდიან და სხვაგან ურჩევნიათ წასვლა და თანხის ხელახლა გადახდა.

„განმეორებითი ინსპექტირება ერთი თვის ვადაში არის უფასო. აქედან გამომდინარე, მოტივაცია რომ იმიტომ არ მიდის, რომ თანხა აქვს გადასახდელი, არ არსებობს.  მათ ურჩევნიათ იარონ ასეთი დახარვეზებული მანქანით, ვიდრე მის შეკეთებაში თანხა გადაიხადონ. ისინი დადიან ინსპექტირების გარეშე, მათ სტატუსი გამართული არ აქვს.  თუ ის ერთი თვის განმავლობაში არ მიბრუნდა პირველად ცენტრში და წავიდა სხვაგან, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა რატომ წავიდა სხვაგან და ხელახლა გადაუხადა თანხა? ადგილი ხომ არ აქვს არაერთგვაროვან მიდგომებს? ყველა ცენტრში ერთგვაროვანი მიდგომები არ არის“ – აცხადებს იორდანიშვილი.

რესპონდენტი, სხვა რესპონდენტების მსგავსად,  ავტონაწილების თხოვების პრაქტიკაზეც გვესაუბრა.

„ჩვენ ამისი იდენთიფიცირების საშუალება ფიზიკურად არ გაგვაჩნია.წარმოიდგინეთ, ავტომობილი ხარვეზდება, შემდეგ მიდის, ცვლის მაგალითად, დახარვეზებულ საბურავს, მოდის ცენტრში და გადის ინსპექტირებას. ცენტრი საიდან უნდა მიხვდეს, რომ დახარვეზებული ავტონაწილი ნათხოვარია.  ინსპექტირების ცენტრს რა ბერკეტი აქვს, რომ ეს თაღლითობა გამოავლინოს? ყველაზე დიდი პრობლემა გვაქვს კატალიზატორზე.  აღსრულება, ადმინისტრირება უნდა ხდებოდეს გზებზე, თუმცა, ფაქტიურად არც მსმენია, რომ ასეთი ავტომანქანები დაჯარიმდნენ. გზებზე, ნებისმიერ დარღვევაზე პასუხისმგებელია საპატრულო ეკიპაჟი.  შატილის ტრაგედია ჩვენთვის სასწავლებელი უნდა ყოფილიყო. ის ავტომობილი იყო გაუმართავი, ტექინსპექტირებაც არ ჰქონდა გავლილი და იმაზე მეტი მგზავრი გადაჰყავდა ვიდრე იყო დასაშვები. როგორ შეიძლება ასეთი ტრანსპორტი დადიოდეს გზებზე“ – გვითხრა იორდანიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში, გზებზე, წელიწადში დაახლოებით 10 000 სატრანსპორტო შემთხვევა ხდება. აქედან ყოველწლიურად, გარდაცვალების მაჩვენებელი 600-სს აჭარბებს.

 

ყალბი ტექდათვალიერებისთვის დაკავებულები

 

რასაც რესპონდენტები საუბრობენ, კონკრეტული ფაქტებითაც დასტურდება.

მოქალაქე ნელი ვარდიაშვილი: ავტომანქანების ტექდათვალიერება რომ ფულის მახედ არის ქცეული, ამას ჩვეულებრივ მოვლენად ვიღებთ… გვატყუებენ, გვძარცვავენ, მაგრამ „გვკიდია“. ამიტომ ისტორიისთვის მაინც მოვყვები რაც გადამხდა, თორემ რამდენიც არ უნდა ვწერო და თავი ქვას ვახალო, ამ სამონეთში რომ არაფერი შეიცვლება, კარგად ვიცი.

ჩემი ავტომანქანა მივიყვანე სავალდებულო ტექდათვალიერებაზე და CO-ს მაჩვენებელი აღმოაჩნდა ნორმაზე მეტი. იქვე დამაკვალიანეს რომელ ხელოსანთან უნდა წამეყვანა გამოსასწორებლად და დასძინეს, სხვა ვერ გამოასწორებსო. მივიყვანე, მაგრამ რიგი დამხვდა – ყველა მძღოლი ამ პრობლემის გამოსასწორებლად იყო გადაპორტირებული. როცა ჩემზე წინ მიყვანილი მანქანა გაუშვა, ხელოსანმა ვიღაცას დაურეკა და მოდის ამა და ამ ნომრის მანქანაო, უთხრა. ამ ფაქტმა დამაეჭვა, მაგრამ ცხადია, მაშინვე ვერ მივხვდი რაც ხდებოდა.

ჩემი მანქანის ელექტროსისტემაში რაღაცას ნახევარი საათი ,,ეჭიდავა”, არც ისე ცოტა გადამახდევინა და მეც გამიშვა. წასვლის წინ კი გამაფრთხილა, მანქანა თუ ჩაგიქრა, ვეღარ დაქოქე და ა.შ. გამომიძახე, ასეთი სერვისიც მაქვსო. პირდაპირ ტექდათვალიერების ცენტრს მივაშურე. ვუთხარი, რომ ვისთანაც გამიშვეს, ნამდვილად იმ ხელოსანთან ვიყავი. ვიცითო, მიპასუხეს მშვიდად და უცებ მივხვდი, ვის დაურეკა ხელოსანმა ჩემზე წინ, მისგან ,,შეკეთებული” მანქანის თაობაზე. ამჯერად ტექდათვარიელება გავატარე, მაგრამ მოკლე დროში მანქანამ „კაპრიზი“ მართლაც დაიწყო. ამ საქმეში გაცნობიერებულმა ახლობელმა შეამოწმა და ძრავთან ახლოს მიმაგრებული ტელევიზორის დიოდი იპოვა. ცხადია, მოხსნა, მაგრამ მას მერე, ავტომანქანის ელექტროსისტემაში პრობლემა არ გამოილია.

მიუხედავად ამისა, მომდევნო წელს, თბილისში მაინც ისე გავატარე ტექდათვალიერება, რომ გართულება არ შემქმნია co-ზე. ვერ ვხვდები, წინა წელს, რაიონში რატომ აღმოაჩნდა ნახშირორჟანგი და რატომ გავიხლართე ამ მახეში. საქმე იქამდე მივიდა, რომ მანქანა გზაზე მიმავალი ქრებოდა და ვერცერთი ხელოსანი ვერ იგებდა, რა სჭირდა. იძულებული გავხდი, კვლავ ე.წ. co -ს მომგვარებელთან მიმეყვანა, რომელმაც მითხრა, რომ ტექდათვალიერების მერე თურმე ისევ მასთან უნდა გავქცეულიყავი და ამდენი პრობლემა აღარ შემექმნებოდა, ახლა კი, საკეტიდან (,,ზამოკიდან”) უნდა დაიწყო, მიყვე და იპოვო, რა დაემართაო. ჰოდა, დავიწყე, მაგრამ ნათელი, ჯერ ჰორიზონტზეც არ ჩანს, მხოლოდ ვხარჯავ ფულს.

მგონი რთული არ არის იმის მიხვედრა, როგორ არის აწყობილი ფულის საჭრელი მანქანა, სახელად ტექდათვარიელება რომ ჰქვია. ედიკას დროსაც იგივენაირი კორუფციის ცენტრი იყო და სააკაშვილის პერიოდში ამიტომაც გაუქმდა. მოკლედ, ოფიციალურ ფულს ხომ გვახდევინებენ და იქვე მახესაც გვიგებენ, რომ სხვა გზითაც გამოგვგლიჯონ ფული და ჩვენი შეკრულ წრეზე სიარული არ დამთავრდეს არასდროს. ისინი მდიდრდებიან და ჩვენ ვხარჯავთ…“

იმ მანქანების მძღოლებიც, რომლებიც ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტით გადაადგილდებიან, არც მალავენ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება.

„თუ მანქანა გაუმართავი გყავს, რა პრობლემაა, ხელოსნები არიან გარიგებაში ტექდათვალიერების ცენტრებთან. თუ სანდო ხარ, გაგაგზავნიან „იმასთან“ და დათვალიერებას გაგატარებენ. ჩემი მანქანაც კი ხედავ როგორ ბოლავს და „დაჯრახუნებს“ მაგრამ „ტეხასმოტრი“ მაქვს. ჩემმა ხელოსანმა გამაგზავნა, დაურეკა ჩემია, სანდოაო და გამატარეს. აბა, ამისი გაკეთება რომ დამეწყო კი დამიჯდებოდა მანქანის ფასი და არც მიღირდა“ – თამამად გვიყვება ტაქსის მძღოლი.

ინფორმაციას HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი  ვასო ურუშაძეც ადასტურებს. „ტექდათვალიერების რეფორმა ჩავარდა“, – ასეთია მისი შეფასება.

„არსებობს კერძო, პირადი ინტერესები. ეს ინტერესები კი უკავშირდება ბიზნესს და შემოსავლებს. ამ ფაქტორმა გადაწონა. კორუფციის გზით ხდება პირდაპირ უაპელაციოდ დარიგება ტექნიკური დათვალიერების ინსპექტირების სერთიფიკატების. ეს უკვე საბოლოო განაჩენია აღნიშნული რეფორმის. დიახ, რეფორმა ჩავარდა. კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ჩემი ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურა უკვე  იძიებს ამ საქმეს“ – აცხადებს ურუშაძე.

ამ სფეროში, ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად თაღლითობისა და აღებ-მიცემობა რომ არსებობს, ოფიციალურადაც დასტურდება. კერძოდ,  დაკავების ფაქტით.

თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, გამოვლინდა ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი 10 ცენტრი, რომლის თანამშრომლები როგორც მუნიციპალური, ასევე, კერძო მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე  ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბ ანგარიშებს გასცემდნენ.

„გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, გამოვლინდა ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი 10 ცენტრი, რომლის თანამშრომლები როგორც მუნიციპალური, ასევე კერძო მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისას, მიუხედავად მათი ვიზუალური ან/და ტექნიკური დაზიანებებისა, ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბ ანგარიშებს გასცემდნენ. ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები,”- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

ჟურნალისტურ გამოძიებას კი ისევ სტატისტიკით დავასრულებთ. კერძოდ: საქართველოში 2021 წლის მონაცემებით რეგისტრირებული 1 300 000 ავტოსატრანსპორტო საშუალება. აქედან 2019 წელს ტექნიკური ინსპექტირება გაიარა  790 000 ავტომანქანამ; 2020-ში –  533 000-მა; 2021 – ში კი 664 00-მა და აქედან 200 000 დახარვეზდა.

ეკა გულუა

ყალბი ტექდათვალიერება და 600 000 გაუმართავი მანქანა

 

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი თემები