უზრდელებმა და მოძალადეებმა გააღვიძეს დევი “ქართული ოცნების” სახით, შედეგს მოიმკიან – ზაქარია ქუცნაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი არ უარყოფს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდის მხრიდან, “ნაციონალური მოძრაობის” მისამართით ნაწილობრივ იმატა აგრესიულმა რიტორიკამ, რაც იმას მოწმობს, რომ “აკადემიური საარჩევნო კამპანიის წარმოება უზრდელებთან და მოძალადეებთან შეუძლებელია”.

​როგორც ზაქარია ქუცნაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა,  მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში და საარჩევნო შტაბშიც დარწმუნდნენ, რომ  როცა პოლიტიკური ოპონენტის სახით წარმოდგენილნი არიან უზრდელები და მოძალადეები, მათთან  ევროპული ენით და კულტურული მანერებით საუბარი, რა მანერებითაც სალომე ზურაბიშვილი არჩევნების პირველ ტურში გამოირჩეოდა, შეუძლებელია.

” დღეს, “ნაციონალური მოძრაობა” და ოპოზიცია მოიმკის იმას, რაც დათესეს. მათ გააღვიძეს ერთი დიდი დევი, “ქართული ოცნების” სახით. შესაბამისად ყველა დარწმუნდა, რომ ამ ძალასთან კულტურულად, არგუმენტებით საუბარი არის იდიოტიზმი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გადავალთ ძალადობრივ მეთოდებზე გაყალბებაზე, უბრალოდ “ქართული ოცნების” ლიდერებმა შეცვალეს რიტორიკა და ლაპარაკობენ ისე, როგორც მოძალადეები და უზრდელები იმსახურებენ. “ოცნებამ” სწორად გაიაზრა პირველი ტურის შემდეგ, რომ მოძალადეებთან აკადემიურად საუბარი შეუძლებელია. რომის იმპერია დაამარცხეს გერმანელმა ბარბაროსებმა, რომი იმ საუკუნეებში ყველაზე მოწინავე ცივილიზაციად ითვლებოდა, იყვნენ აკადემიურები და წააგეს ამ ომში. დღეს ასეა საქართველოშიც. გვახსოვს გვარამიას განცხადებები, – ჯოჯოხეთს მოგიწყობთ ყველასო.  სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მხრიდან გინებები“, – აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

​დეპუტატი საზოგადოებას არწმუნებს, რომ “ქართული ოცნების” მხრიდან წამოსული აგრესიული რიტორიკა აე გასცდება კანონის ფარგლებს და კანონის დაცვას სამართალდამცველები უზრუნველყოფენ.

როგორც ზაქარია ქუცნაშვილმა “მთავარში” სტუმრობისას განაცხადა, მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, პირველი ძალადობა სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მხრიდან დაიწყო, როცა თიანეთის მუნიციპალიტეტში, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ყოფილმა პირადმა მცველმა “ქართული ოცნების” ახალგაზრდა აქტივისტს სცემა და ცხვირისა და შუბლის არეში მოტეხილობების გამო, მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

“მმართველი პარტიის ახალგაზრდა აქტივისტ რომან ფაჩულიშვილს სააკაშვილის ყოფილმა პირადმა მცველმა ხვირი და შუბლი გაუტეხა. “ქართული ოცნების” ლიდერებმა მაშინ არ შეუწყეს ხელი ამ ფაქტის ღია სივრცეში გამოტანას, რაზეც ძალიან გავბრაზდი. უკეთესი იქნებოდა ეჩვენებინათ მოსახლეობისთვის, რომ სააკაშვილის ხალხი ისეთივე მოძალადეები და ყაჩაღები არიან 6 წლის შემდეგაც, როგორც იყვნენ 6 წლის წინ. ​რიტორიკა სხვაა და მოქმედება სხვა, ეს მათ მიერ დათესილზე გამოძახილია”, – აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას” არჩევნების მეორე ტურში აგრესიული რიტორიკის მატებას საყვედურობს, რაც გამოიხატება ბანერების ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში ბანერების – “არა ნაცებს, არა ძალადობას!” განთავსებაში და ხელისუფლების მხრიდან კრიტიკულ გამოსვლებში. მესამე სექტორის წარმომადგენელთა ნაწილის აზრით, ამის გამო შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს არჩევნების მეორე ტურის ლეგიტიმურობა.

მსგავსი თემები