სასესხო დავალიანების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება 3 დეკემბრიდან იქნება შესაძლებელი

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, სასესხო დავალიანების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება მოქალაქეებს ​3 დეკემბრიდან, სპეციალური ვებგვერდის მეშვეობით შეეძლებათ. ასევე, შეუძლიათ, იმ ორგანიზაციებს მიმართონ, ვისი ვალიც მართებთ. სესხების ჩამოწერის პროცესი 15 დეკემბრიდან დაიწყება და 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

​თბილისის მერი, კერძო პირებისთვის სესხების განულების პროცესში მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის კომერციულ ბანკებს, საფინანსო ორგანიზაციებსა და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მადლობას უხდის და აცხადებს, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი 600 000-ზე მეტი ოჯახისთვის, რომლებიც ყოველგვარ ეკონომიკურ საქმიანობას არიან მოკლებულნი, ვალი დიდი ტვირთია.

როგორც კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, ცენტრალური მთავრობა რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. ხოლო საუბრები იმაზე, რომ ბანკები სესხების ჩამოწერას და განულებას ყოველთვიურად ახორციელებენ, დიდი ტყუილია.

“მესმის, რომ არჩევნებია და ცდილობენ, საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამოვიდნენ. რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვათ, ამის შესაძლებლობას არ მივცემთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კერძო პირებისთვის სესხების განულების შესახებ მმართველ გულში ხშირად იყო საუბარი, რადგან ჭარბვალიანობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. კალაძის თქმით, ამის შესახებ მამუკა ბახტაძე ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს საუბრობდა. ამაზე საუბრობდა პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

“როდესაც ოპოზიციამ გაიგო, რომ ბანკებთან და სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობდით და განცხადების გაკეთებას ვაპირებდით, წინა დღეს გამოვიდნენ და მოგვიწოდეს – სასწრაფოდ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ადამიანებს ცხოვრება შეუმსუბუქოთო. ოპონენტებს სურვილი ჰქონდათ, რომ პოლიტიკურად ქულები ჩაეწერათ, თუმცა ეს ყველაფერი სასაცილო და დადგმული შოუ იყო. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დაიხარჯება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები