“ამხანაგი კობახიძის” ანტიდასავლური განცხადებები, სხვა არაფერია თუ არა რუსეთის​ წახალისება” – ხაზარაძე

პარტია “ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, ირაკლი კობახიძის ამერიკის საელჩოზე დღევანდელ განცხადებას  რუსეთის და პრო-რუსული ძალების წახალისებას უწოდებს.

ხაზარაძის თქმით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მხრიდან ასეთი კომენტარები უცხოური ინვესტიციების შემოსვლას, სამუშაო ადგილების გაჩენას და ეკონომიკის სწრაფ ზრდას შეუძლებელს ხდის.

“ამხანაგი კობახიძის” ანტიდასავლური, არა მეგობრული განცხადებები ჩვენი პარტნიორების მისამართით, სხვა არაფერია თუ არა რუსეთის და პრო-რუსული ძალების წახალისება.

ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების მიმართ უნდობლობის დანერგვა, საზოგადოებაში ნიჰილიზმის გაჩენა, იმის შეპარვით მტკიცება, რომ დასავლეთი და ევროპა ჩვენს პრობლემებს ვერ მოაგვარებენ და ისევ ჩრდილოელი მეზობელი დაგვეხმარება… ალბათ სხვას არც უნდა ელოდე ქვეყანაში გავრილოვის ჩამომყვანისგან.

ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესია სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა.

ჩვენი თვითმყოფადობის გადარჩენის ერთადერთი გარანტი, დღეს ქართველი ხალხი და ცივილიზებული სამყაროა.

ასეთი განცხადებები, მმართველი პარტიის თავმჯდომარისგან, უცხოური ინვესტიციების შემოსვლას, სამუშაო ადგილების გაჩენას და ეკონომიკის სწრაფ ზრდას შეუძლებელს ხდის..” – წერს მამუკა ხაზარაძე.

მსგავსი თემები