თბილისის მერია “ყაზტრანსგაზს” მოუწოდებს, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის საჭირო ზომები გაამკაცრონ     

თბილისის მერია კომპანია “ყაზტრანსგაზ- თბილისს” მოუწოდებს, საცხოვრებელ ბინებში კუსტარულად დამონტაჟებული გაზის გამათბობლებისა და წყლის გამაცხელებლების აღმოჩენის შემთხვევაში კიდევ უფრო გაამკაცრონ ზომები.

როგორც “ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სწრაფი რეაგირების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბედნელიანმა განცხადა, 2018 წელს, დედაქალაქის მასშტაბით CO-თი მოწამვლის 16 და გარდაცვალების 13 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ციფრების უკან დგანან კონკრეტული ოჯახები, რომლებმაც დაკარგეს ძვირფასი ადამიანები.

მერის მოადგილე ქალაქის მოსახლეობას სთხოვს, ნებისმიერი საფრთხის შემთხვევაში კომპანია „ყაზტრანსგაზ – თბილისის“ ტელეფონის ნომერზე – 114 დარეკონ და მოითხოვონ გაზის ქსელის შემოწმება. მათ მომსახურებას გაუწევენ კომპანიის კვალიფიციური თანამშრომლები.

თავის მხრივ, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალური მმართველი გიგლა თამაზაშვილი მოსახლეობას კონკრეტული რეკომენდაციების დაცვას ურჩევს.

მისივე თქმით, „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ 24-საათიან რეჟიმში ემსახურება დედაქალაქის მცხოვრებლებს და ნებისმიერ დროს გამოძახების შემთხვევაში, თანამშრომლები მზად არიან მივიდნენ და უფასოდ მოემსახურონ.

ღონისძიებას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილი დაესწრო. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სწრაფი რეაგირების სამსახურში, ასევე, იმყოფებოდნენ მაშველები, 114-ის სამუშაო ჯგუფის წევრები და სხვადასხვა დროს CO-თი მოწამლული მოქალაქეები, რომლებმაც კონკრეტული ისტორიები გაიხსენეს და მოსახლეობას უსაფრთხოების წესების და ცვისკენ მოუწოდეს.

დედაქალაქის მერიისა და კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ერთობლივი სოციალური კამპანია – „მეტი უსაფრთხოებისთვის“ გრძელდება.

მსგავსი თემები