“დაიწყეთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა“ – ფიქრია ჩიხრაძის მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარეს

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკური მდივანი, ფიქრია ჩიხრაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურები დაიწყოს.

ფიქრია ჩიხრაძის აზრით, როდესაც ქვეყნის მეორე პირი, უმძიმეს ბრალდებებს უყენებს ქვეყნის პირველ პირს – საქართველოს პრეზიდენტს, აუცილებელია, დაიწყოს იმპიჩმენტის შესაბამისი პროცედურა, რასაც  ქართული სახელმწიფოს პრესტიჟი საჭიროებს.
ჩიხრაძე პარლამენტს უპასუხისმგებლო განცხადებებში ადანაშაულებს.

„,ორი დღის განმავლობაში, ჩვენ მოვისმინეთ ერთი მხრივ, უმძიმესი ბრალდებები, მეორე მხრივ, ამ ბრალდებებისგან გაქცევის მცდელობა. ვისმენთ ათასნაირ შეფასებებს, მოგვიწოდებენ, ნუ მივაქცევთ ყურადღებას, ნუ ჩავვარდებით პანიკაში და ასე შემდეგ… თუ მათ არ აქვთ უნარი, მიმართონ შესაბამის ორგანოებს და დაიწყონ შესაბამისი პროცედურები, კიდევ უფრო გავუმარტივებთ საქმეს – არსებობს ამის, ასე ვთქვათ, საპარლამენტო გამოცდილება. რეგლამენტი ზედმიწევნით იციან და კონსტიტუციაც ეცოდინებათ…“ – აცხადებს ჩიხრაძე.

მისივე შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ იმპიჩმენტის პროცედურა არ დაიწყება, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოება უპასუხისმგებლო განცხადებებს ისმენს ყოველდღიურად. “ამით შეურაცხყოფას ვაყენებთ ქართულ საზოგადოებას, ან უბრალოდ ვაკეთებთ განცხადებას და მერე არ გვაქვს უნარი, რომ ამ განცხადებებს ბოლომდე მივდიოთ”, – აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, პროკურატურასაც მიმართავს და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს.
​როგორც ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, ირაკლი კობახიძე უნდა გამოცხადდეს პროკურატურაში და სამართალდამცავ ორგანოებს მიაწოდოს ინფორმაცია, რასაც იგი ფლობს პრეზიდენტთან დაკავშირებით შეწყალებების შესახებ კორუფციულ ბრალდებებზე.

მსგავსი თემები