„ნაცებზე“ გამწარებული და „ოცნებაზე“ გაბრაზებული ათასობით ადამიანი დავარეგისტრირეთ“ – მოძრაობა „არა ნაციზმს“

საზოგადოებრივი მოძრაობა “არა ნაციმს, არა ძალადობას!”, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, რაიონებში რეგისტრირებულ მოქალაქეებს ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს,  “ნაციონალური მოძრაობისგან” გამწარებულ, მაგრამ “ქართულ ოცნებაზე” გაბრაზებულ ადამიანებს აერთიანებს, – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარში” მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა გელა ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ორგანიზაციის შექმნის ინიციატორები ძირითადად იყვნენ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს შვილმოკლული მშობლები, ან ისინი, ვინც მაშინ დაკარგეს ქონება და იყვნენ რეპრესირებულები. ორგანიზაცია არჩევნების პირველი ტურის შემდეგ შეიქმნა, რადგან ამ ადამიანებმა ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნების საფრთხე დაინახეს.

​ნიკოლეიშვილის თქმით, მოძრაობის მიზანია არჩევნებზე ხალხის მობილიზება, რადგან 28 ოქტომბერს ამომრჩევლების თითქმის 59% არ გამოცხადდა არჩევნებზე, მაშინ, როდესაც, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები, რომლებიც ძალიან მოტივირებულები არიან, 100%-ით გამოცხადდებოდნენ.

“ჩვენ გადავწყვიტეთ დავეხმაროთ იმ ამომრჩეველს, ვინც რეგიონებში იყო დარეგისტრირებული. ამ ორგანიზაციაში ძალიან ბევრი ადამიანი მოდის, ასეულობით და ათასობით რეგისტრირდებიან. ზოგი ინიციატივას იჩენს, რომ დამკვირვებლად წავიდეს არჩევნებში, ზოგი საკუთარ სახსრებს, ზოგი საკუთარ ავტომობილს, ავტობუსს, მიკროავტობუსს გვთავაზობენ, რაიონებიდანაც გვირეკავენ. ეს ძირითადად ის ადამიანები არიან, რომლების აბსოლუტური უმრავლესობა არის “ნაციონალური მოძრაობისგან” გამწარებული, მაგრამ “ქართულ ოცნებაზე” გაბრაზებულები. ესენი არ არიან “ოცნების” აქტივისტები, ისინი “ოცნებაზე” არიან გაბრაზებულნი, იმის გამო, რომ მმართველმა პარტიამ ვერ შეუსრულა დანაპირები, თუმცა მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებაში “ნაციონალების” მოსვლა გაცილებით უარესი იქნება”, – აცხადებს გელა ნიკოლეიშვილი.

მისივე თქმით, მოძრაობა “არა ნაციმს, არა ძალადობის!” მიზანია ორგანიზება გაუკეთოს იმას, რომ არჩევნების დღეს ადამიანები, რომლებიც რეგიონებში არიან რეგისტრირებულნი და სამსახურის, ჯანმრთელობის მდგომარეობის თუ უსახსრობის გამო ვერ ახერხებენ რაიონებში ჩასვლას, ჩავიდნენ საარჩევნო უბნებზე და უკან დაბრუნდნენ.

“არ გამოვრიცხავ, ამ სიაში ზოგი “ნაციონალური მოძრაობის'” მომხრეც მოხვდეს, ამას ჩვენ ვერ გავცხრილავთ“, – აცხადებს ნიკოლეიშვილი.

მსგავსი თემები