„ახალი წელი ვალების გარეშე… ჩვენთვის ძვირფასი ადამიანია“ – ირაკლი კობახიძე

„ჩვენ ვართ სოციალური სახელმწიფო, რომლის უმთავრესი საზრუნავი ადამიანის ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფაა“ – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება 600 000 მოქალაქისთვის საბანკო ვალების ჩამოწერა.

როგორც ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მთავრობამ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო.

„ჩვენ ვართ სოციალური სახელმწიფო, რომლის უმთავრესი საზრუნავი ადამიანის ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფაა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში 2012 წლიდან საქართველოში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტის გაორმაგება მოხერხდა. დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომლის წყალობითაც ასიათასობით ჩვენმა თანამოქალაქემ შეინარჩუნა სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ის, რასაც ჩვენი ოპონენტები შავ ხვრელს უწოდებენ, სინამდვილეში ადამიანების გადარჩენილ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაში გამოიხატება. ორნახევარჯერ გაიზარდა სოციალური დახმარების ბიუჯეტი, მოხერხდა ჩვენი ათასობით დევნილი თანამოქალაქის უზრუნველყოფა ღირსეული საცხოვრებლით. ადამიანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურებოდა მთავრობის კიდევ ორი ინიციატივა, რომლის თაობაზეც გასული დღეების განმავლობაში გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. შეგახსენებთ, რომ ეს იყო 50 ლარიანი დახმარების დანიშვნა სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ბავშვებისთვის და მეორე ეს იყო სოციალური დახმარების შენარჩუნება მოქალაქეებისთვის მათი დასაქმების შემთხვევაშიც“- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

„600 000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ახალ წელს ვალების გარეშე შეხვდება. ეს არის უპრეცედენტო ინიციატივა, რომელიც კიდევ უფრო ადასტურებს, რომ ადამიანებზე ზრუნვა ჩვენი უმთავრესი ამოცანაა“ – დასძინა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ მოქალაქეებს, დეკემბრიდან საბანკო დავალიანება გაუნულდება.

მსგავსი თემები