7 იანვარს შემოწირულობები ისევ შეგროვდება – საპატრიარქოს განცხადება

საქართველოს საპატრიარქო 7 იანვარს, შემოწირულობების შეგროვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, შეგროვდება ყველა სახის პროდუქტი თუ ინვენტარი.

„მაცხოვრის შობა ქრისტიანულ სამყაროში მნიშვნელოვანი დღესასწაულია. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, წლებია, ყოველ 7 იანვარს თბილისსა და მთელ საქართველოში მოსახლეობა – სასულიერო და საერო პირები აგროვებენ შემოწირულობას, რომელიც დახარისხების შემდეგ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რიგდება.

წელს, 2022 წლის 7 იანვარს, ქრისტეშობის სადღესასწაულო ღვთისმსახურების შემდეგ, ტრადიციულად, შემოწირული საჩუქრები, ტანსაცმელი, სათამაშოები და ნუგბარი კვლავ შეგროვდება და მოთხოვნის შესაბამისად განაწილდება.

მსურველებს შემოწირულობისა და სხვადასხვა საჩუქრის მოტანა შეეძლებათ 2022 წლის 7 იანვარს, 12 საათიდან 16 საათამდე რესპუბლიკის მოედანზე, სადაც მათ დახვდებათ იმ ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ჩაიბარებენ და დასარიგებლად დაახარისხებენ საჩუქრებს. შემოწირულობის მიტანა ასევე შესაძლებელი იქნება ყოვლადწმინდა სამების ლავრაში არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში“,- ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები