ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამშრმლებს ახალი მარჯვენა ხელი, ილია ღუდუშაური, წარუდგინა.
უწყების ცნობით, ილია ღუდუშაური მანამდე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი იყო. ასევე 2017-2018 წწ. იკავებდა მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილის თანამდებობასაც.
ახალი მოადგილე სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკურ მიმართულებას უხელმძღვანელებს. მის საკურატოროში შევა სამინისტროს სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მათ შორის: დევნილთა და ეკომიგრანტთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო. ასევე ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი. მან მოადგილის პოსტზე გიორგი წოწკოლაური ჩაანაცვლა, რომელიც 2018 წლიდან იკავებდა აღნიშნულ თანამდებობას.