მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა, პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართოს – ადვოკატები

დღეს ორდღიანი პაუზის შემდეგ ადვოკატებმა მესამე პრეზიდენტი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულეს. თუ 6 იანვრამდე პრობლემები არ იქნება მოგვარებული და პენიტენციური სამსახური გადაწყვეტს, რომ კანონის სრული იგნორირებით გააგრძელოს უფლებების შელახვა, ამ შემთხვევაში სააკაშვილი მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმებს – განაცხადეს მათ სააკაშვილთან ვიზიტის შემდეგ.

როგორც ადვოკატები აღნიშნავენ, დამოუკიდებელ ექიმთა ჯგუფს სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა არ ეძლევა მაშინ, როდესაც ამის მწვავე საჭიროება დგას, ასევე  არ არის დაცული შეხვედრების დროს კონფიდენციალობა, სააკაშვილს ორი მოთხოვნა აქვს – მასთან დამოუკიდებელი ექიმების ჯგუფი შევიდეს და კომუნიკაცია სრულყოფილად აღდგეს.

“თუ 6 იანვრამდე ეს პრობლემები არ იქნება მოგვარებული და პენიტენციური სამსახური გადაწყვეტს, რომ კანონის სრული იგნორირებით გააგრძელოს პოლიტიკური პატიმრის უფლებების შელახვა, ამ შემთხვევაში მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმებს. შემიძლია გითხრათ, რომ უკიდურესი ფორმა იქნება გამოყენებული, თუმცა რა ფორმა ამ ეტაპზე ვერ დავაზუსტებ“, – აღნიშნა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

„ამ დრომდე დამოუკიდებელ ექიმთა ჯგუფს არ მიეცა შესაძლებლობა მიხეილ სააკაშვილის მონახულების მაშინ, როდესაც ამის მწვავე საჭიროება დგას. ამავდროულად, ჩვენი და მისი შეხვედრა ხორციელდება სრულიად იზოლირებულად ისე, რომ კონფიდენციალობა არ არის დაცული, ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ, რაც წარმოადგენს დაცვის უფლებების დარღვევას. ამასთან დაკავშირებით როგორც ადვოკატებს, ასევე მესამე პრეზიდენტს გვაქვს პროტესტი. უნდა მოგვეცეს სააკაშვილთან კომუნიკაციის შესაძლებლობა ისევე, როგორც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანამდე იყო შესაძლებელი“, – აღნიშნა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

მსგავსი თემები