ქართულ პოლიტიკაში ქალებს სათანადო ადგილი არ უკავიათ – სალომე ზურაბიშვილი  

პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის აზრით, ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში ქალების მონაწილეობა აუცილებელია, ისინი საქართველოს ამომრჩეველთა 53% – ს შეადგენენ, მაგრამ პოლიტიკაში სათანადო ადგილი არ უკავიათ, მაშინ, როდესაც ქვეყნის ყველა სხვა დარგში პრაქტიკულად ქალები არიან წარმოდგენილნი.

პრეზიდენტობის ქალი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს, ქალთა ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის“ წევრებს შეხვდა და აღნიშნულ საკითხებზე ისაუბრა.

მისი შეფასებით, ქალები არიან ძალიან ძლიერები, ზოგჯერ ძალიან წარმატებულიც, მაგრამ არც პოლიტიკაში, არც ადგილობრივ თვითმმართველობებში, არც პარლამენტში არ არიან სათანადოდ წარმოდგენილნი. მისი მიზანია ეს ცვლილება შემოიტანოს ქართულ პოლიტიკაში.

“როგორც სხვა მოწინავე ქვეყნებში, საქართველოსაც ეყოლება ქალი პრეზიდენტი, ეს არის მაგალითისა და შემდეგი ბრძოლისთვის, რაც უნდა გავიაროთ, რომ საზოგადოება თანამედროვეობისკენ შეიცვალოს და იმავდროულად, შეინარჩუნოს ყველაზე ღირებული ტრადიციები. ამ ბრძოლაში ქალები იქნებიან მთავარი ძალა. ეს არის ამ ქვეყნისთვისაც და ჩემთვისაც მთავარი ძალა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე.

პრეზიდენტობის ქალმა კანდიდატმა მოძრაობის წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მსგავსი თემები