ქალის მიმართ მუქარა არაქართულია, ამაზე ვეღარ გავჩუმდები – თეიმურაზ გორჯესტანი

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ვაჟი, თეიმურაზ გორჯესტანი საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიას აფასებს და იმ მუქარაზე  საუბრობს, რომლებიც პრეზიდენტობის კანდიდატის ოჯახის წევრების მიმართ განხორციელდა.

როგორც თეიმურაზ გორჯესტანმა ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, ის დარწმუნებული იყო, რომ საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ევროპულ სტილში წარიმართებოდა. პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის წარიმართებოდა პროგრამული მსჯელობები, მაგრამ, მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა.

მისივე შეფასებით, ასეთი წინასაარჩევნო კამპანია არ შეეფერება დემოკრატიულ არჩევნებს და არის ძველი, საბჭოთა კავშირის დროინდელი მეთოდები, რომლითაც დღეს ებრძვიან ევროპელ და იმავდროულად საქართველოს პატრიოტ ქალს.

“სალომე ზურაბიშვილის მიმართ კამპანია დაიწყო სიტყვა მოღალატით და გაგრძელდა სრული სიცრუით. ასეთი რამ არ მინახავს არსად მსოფლიოში. ეს არ მოხდება ევროპაში და ამერიკაში, ეს არ არის დემოკრატიული არჩევანი და არის ძველი სტილის, საბჭოთა კავშირის მეთოდები. ამის სპეციალისტები ჩამოიყვანეს საქართველოში და ებრძვიან ქალს, რომელიც არის თავისუფალი, ევროპელი და იმავდროულად საქართველოს პატრიოტი, ეს არის სალომე ზურაბიშვილი. მე, ამას არ ვამბობს როგორც შვილი, ვამბობ როგორც ევროპელი და როგორც ქართველი“, – აცხადებს თეიმურაზ გორჯესტანი.

მისივე თქმით, სოციალურ ქსელში მის მიმართ მუქარა განხორციელდა, მოგვიანებით შეიტყო, რომ ანალოგიური შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინება მისმა დედამ და დამაც მიიღეს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სალომე ზურაბიშვილის ვაჟი თავს მოვალედ მიიჩნევს, მიატოვოს თავისი საქმიანობა დიდ ბრიტანეთში და წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში დედის გვერდით იყოს.

“გასულ პარასკევს ვიყავი ლონდონში, როდესაც მუქარა მივიღე ჩემს სოციალურ ქსელში, შემდეგ გავიგე, რომ იგივე მუქარა მიიღეს ჩემმა დამ და დედამ. პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, ალბათ, ყველა, ვისაც ჰყავს და, დედა, დამეთანხმება, რომ ეს სრულიად მიუღებელია. ეს უკანონობასთან ერთად, არაქართული ქმედებაა. იმ მომენტში გადავწყვიტე საქართველოში წამოვსულიყავი, ასე შორიდან ვეღარ ვუყურებდი რა ხდებოდა ამ ქვეყანაში. გადავწყვიტე დამეცვა დედაჩემი არამარტო მუქარისგან, არამედ საერთო სიცრუისგან, რაც მიმდინარეობს ამ ორი თვის განმავლობაში. ამაზე ვეღარ გავჩუმდები”, – განაცხადა თეიმურაზ გორჯესტანმა.

​როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის ვაჟი აცხადებს, მისთვის მიუღებელია, რომ გარკვეული პირები ბედავენ და სალომე ზურაბიშვილს, რომელიც გაიზარდა წითელი არმიის გამო ემიგრაციაში წასული ქართველების ოჯახში, ქალს, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში საფრანგეთის დიპლომატი იყო და თავისუფლებისთვის იბრძოდა, მოღალატეობას აბრალებენ.

თეიმურაზ გორჯესტანის თქმით, ეს ხდება მაშინ, როცა ზურაბიშვილის მთავარი კონკურენტი, პრეზიდენტობის მეორე კანდიდატი, საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა და მსახურობდა, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა საქართველოდან რუსული ჯარის გაყვანა.

 

მსგავსი თემები